კობა ნარჩემაშვილი: თუ ისე გაგრძელდა პროცესები ქვეყანაში, როგორც დღეს მიმდინარეობს, 2016 წლის არჩევნებზე რთული ვითარება იქნება. ძნელად წარმომიდგენია ასეთ ისტერიკულ ვითარებაში ჯანსაღი არჩევნების ჩატარება. არჩევნები იქნება დახასიათებული, როგორც განსაკუთრებული, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ იქნება ორ სუბიექტს შორის არჩევანი. ეს იქნება არჩევანი, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში, პარლამენტში სხვა ძალებსაც შემოიყვანს. ასეთი არჩევნები, როგორც წესი, ამომრჩევლის პასიურობით ხასიათდება ხოლმე. თუ ფარული კადრების გავრცელება გაგრძელდება, შესაძლებელია ამომრჩეველს არა თუ პასიურობის, არამედ აგრესიის გამოხატვის სურვილიც კი გაუჩნდეს როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ეს იქნება არჩევნები, რომელიც ქვეყანას მრავალპარტიულ პარლამენტს მისცემს.
– როგორ ფიქრობთ, გადალახავს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ბარიერს?
— თუ მოხდება ამომრჩევლის მობილიზაცია, ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაწეული ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდება. ის აქტივისტები, რომლებიც ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, დიდი ალბათობით, არჩევნების წინ გადანაწილდება სხვადასხვა პარტიებში. ეს ხალხი მაინც პოლიტიკური გასტროლიორები არიან. ისინი ხვდებიან, რომ პერსპექტივები მომავალში „ნაციონალურ მოძრაობას“ ნაკლები აქვს და ამიტომ საკუთარ ხვალინდელ დღეს დაუკავშირებენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც, ასე თუ ისე, პერსპექტიულები ჩანან. ეს გაართულებს „ნაციონალური მოძრაობის“ შანსებს.
– თქვენი აზრით, ვინ მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას?
— სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ კვლავ უმრავლესობას მოიპოვებს. იმედია, ხელისშემშლელი გარემოებები არ იქნება.
საზოგადოებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან მისი მშვიდობიანად და კარგად ჩატარება დემოკრატიულ მმართველობას გააძლიერებს და შეუქცევადს გახდის.
– აპირებთ თუ არა საჯარო პოლიტიკაში მოსვლას?
— 2009 წლიდან ვარ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მოძრაობის დამფუძნებელი. ჩვენი თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი პარლამენტის, უმრავლესობის წევრია, მაგრამ ჩვენ არ ვართ კოალიციის წევრი. ამჟამად მე ვგეგმავ, მოვსინჯო ძალები საჯარო პოლიტიკაში. ეს დამოკიდებულია იმ კონტექსტზე, თუ რა კონტექსტი შეიქმნება ზაფხულამდე. ჩემი მოღვაწეობა გადაწყდება მას შემდეგ, რაც განვაცხადებთ, თუ რა ფორმით მიიღებს ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობას.
თენგიზ ჩოჩუა