კავკასიური ნაგაზი ის ჯიშია, რომელიც, რაც არ უნდა ცუდად ერკვეოდე ძაღლების ჯიშებში, მაინც ვერ აგერევა სხვაში. კავკასიური წინდაუხედავად მამაცია — თუ პატრონს ან ოჯახის რომელიმე წევრს საფრთხე ემუქრება, დათვსაც კი დაუფიქრებლად შეებმება, — წერს Sputnik-ის ავტორი ეკატერინე მიქარიძე.
ეს მძლავრი ცხოველია — ცხოველი-იარაღი, რომლის აღზრდასაც პატრონი ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს. თბილისში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საუკეთესოდ ეკატერინბურგიდან ჩამოსული კავკასიური ნაგაზი, სახელად ლალა ჩორნაია სცნეს. ლალას პატრონმა ალექსანდრ ბუზინმა Sputnik-ს უამბო, რას ნიშნავს „კავკასიელის“ პატრონობა და მეგობრობა.
— ჩვენ ძაღლსაშენ „ადიშტაუში“ 4 წლის ლალა ყველაზე ცნობილი ქალბატონია. უკვე ძალიან ბევრი ტიტული აქვს, ახლა კი კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესომ საკუთარ ჯიშში. ძალიან კმაყოფილები და ამაყები ვართ. ვფიქრობ, კარგი შეფასების მიღება ჯიშის სამშობლოში, სადაც ის ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე VIII-VII საუკუნეებში გამოიყვანეს, ძვირად ფასობს.
— რატომ აირჩიეთ კავკასიური ნაგაზი?
— შესაძლოა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ კავკასიური ნაგაზი გინდა გყავდეს, მორალურადაც და ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყო. „კავკასიელს“ უნდა აგრძობინო – ერთ ხროვაში კი ვართ, მაგრამ წინამძღოლი მაინც მე ვარ!
– ამბობენ, თუ ძაღლი აგრესიულია, ეს აღზრდაში დაშვებული შეცდომის ბრალიაო.
— მთავარ როლს გენეტიკა თამაშობს. არ უნდა აიყვანო ლეკვი, რომლის მშობლებიც ზედმეტად აგრესიულები არიან. მეორე არის აღზრდა, კვება, გაზრდა და ასე შემდეგ. თუმცა ძაღლის ხასიათის 50 პროცენტი მაინც გენეტიკურად ყალიბდება. გენეტიკა საშინელი ძალაა. ტყუილად კი არ არჩევენ სელექციონერები და ძაღლსაშენები სისხლს. ეს მოზაიკასავითაა. ისეც ხდება, რომ ერთი მხატვარი მოზაიკას ააწყობს, შეხედავ და უბრალოდ რაღაცას ჰგავს, მეორე კიდევ სადღაც, ვატიკანის რომელიმე ტაძარში ააწყობს და ცოცხალი სურათი გეგონება. ასეა ძაღლიც. გენეტიკოსი ნებისმიერ ძაღლს ასე, ნამცეც-ნამცეც აწყობს. შეიძლება მთელი 20 წელი ერთი, განსაკუთრებული ჯიშის გამოყვანაზე იმუშაოს და საბოლოოდ მიზანს მხოლოდ 25-ე წელს მიაღწიოს.
— ისე ლაპარაკობთ ძაღლზე, გეგონება „ლეგოს“ კონსტრუქტორზე საუბრობდეთ.
— ასეცაა. ეს კოლექციონერის ხელში კოლექციას ჰგავს. ნუმიზმატია ის, ვისაც ერთი-ორი უძვირფასესი მონეტა აქვს, ხოლო თუ ამ მონეტების რაოდენობა ორ და სამ ათასს აღწევს, ეს უკვე ნიმუზმატი კი არა, კოლექციონერია, რომელსაც კოლექციაში ისეთი მონეტებიც აქვს, რომლებიც იშვიათია, მაგრამ ბევრი არაფერი ღირს და ისეთებიც, რომლებიც ძალიან ძვირად ფასდება. ასეა ძაღლის შემთხვევაშიც, სწორედ ასე ნამცეც-ნამცეც აწყობენ მასაც.
– გისმენთ და ერთი მკრეხელური აზრი მებადება: რა მოხდებოდა, ადამიანებიც ასე რომ აეწყოთ?
— მოიცათ, მოიცათ. ადამიანები ისედაც ყოველთვის ასე გამოვყავდით. არ ვიცი, როგორ იყო საქართველოში, მაგრამ რუსეთში უფლისწულს საცოლეს ყოველთვის ან ინგლისში ურჩევდნენ, ან გერმანიაში, ან ჰოლანდიაში. ასე ეწყობოდა დინასტია. ხუთი წლის წინ საქართველოში ჩამოვედი და მეგობრებმა მცხეთაში წამიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ნიკოლოზ მეორე თქვენი ბაგრატიონების ნათესავი ყოფილა. აი, ახლა მეგობრებს სურათი ჩამოვუტანე, სადაც ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ნიკოლოზ მეორეა აღბეჭდილი. აიღეთ თუნდაც უფრო გვიანი ხანის პირველი პირები — სტალინი, ბერია, რომლებიც უზარმაზარ ქვეყანას მართავდნენ. ცხოვრებაში ყველაფერი პარალელური გზებივით, ერთნაირად ვითარდება. ხუთი წლის წინაც გამოფენაზე ვიყავი საქართველოში ჩამოსული. ცენტრალურ მოედანზე გავედით და უზარმაზარი ველოსიპედი დავინახეთ. შევედით კაფეში, წითელი ღვინო და ხაჭაპური შევუკვეთეთ. ადამიანებმა რუსულ საუბარს მოჰკრეს ყური და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: ვის საუზმე მოჰქონდა, ვის დასალევი, მოგვიჯდებოდა გვერდში და გვეუბნებოდა, დავლიოთ, ჩვენ ხომ ძმები ვართო. ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
– რამდენადაა რუსეთში გავრცელებული კავკასიური ნაგაზი? სადღაც ასეთ ფრაზასაც წავაწყდი, კავკასიური ნაგაზი მარადიული ბავშვიაო.
— კავკასიური ნაგაზი ძალიან საზრიანი, მაღალინტელექტუალური ძაღლია. მიამიტი კი არ არის, ერთგულია. თუ ადამიანი შეუყვარდა, მორჩა, სიცოცხლის ბოლომდე ეყვარება, არასდროს მიატოვებს, თავს გასწირავს პატრონის გადასარჩენად. ძაღლს ასაკის მატებასთან ერთად უვითარდება გონება, აზროვნება. აი, მაგალითად, ძაღლისგან განსხვავებით, კატასთან ვერაფერზე „მოილაპარაკებ“, თავისნებაა. თუმცა ძაღლებიც არიან ხოლმე ცუდ გუნებაზე. მაგალითად, ორი წლის წინ შვეიცარიაში, ევროპის ჩემპიონატზე დავმარცხდით, მეორე ადგილზე გავედით, იმიტომ რომ ლალამ უბრალოდ არ მოისურვა რინგზე მუშაობა. არადა, ამაში კვირაში ორჯერ „ვამეცადინებ“, თითო-თითო საათს.
— რამდენ ხანს უნდა წვრთნა ძაღლი, რომ კარგი შედეგი მიიღო?
— ძაღლს ლეკვობიდან უნდა წვრთნა. მე სამი-ოთხი თვიდან ვიწყებ ძაღლთან მუშაობას, რინგზე გამყავს, გამოფენას ვუწყობ, რათა მიეჩვიოს და ესმოდეს, რომ მის გარდა სხვა ძაღლებიც არსებობენ; რომ არსებობს თვითმფრინავები, მანქანები. პისტოლეტიდანაც კი ვისვრი ხოლმე, რომ სროლის ხმასაც მივაჩვიო ძაღლი. ლეკვები გზის გასწვრივ დამყავს, რომ დიდი მანქანების ხმას შეეჩვივნენ და არ დაფრთხნენ. ამას გარდა, სპორტსმენივით ფიტნესზეც ვავარჯიშებ და წყლის ბილიკზე სირბილშიც. წყალი მკერდამდე სწვდება ხოლმე ლალას, ის კი მაინც ახერხებს სირბილს, დაბრკოლებებს ლახავს. ასე მოძრაობებს ვამუშავებთ. კიდევ ზურგზეც ვმკურნალობთ პატარა ბურთულებით…
– მშურს თქვენი ლალასი…
— ბევრი მთხოვს ხოლმე, ვიქნები, რა, შენი ძაღლიო.