თბილისი, 23 მარტი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში ვიზიტით იმყოფება, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთანაა შეხვედრები დაგეგმილი.
კერის ვიზიტი მოსკოვში ორი დღე გაგრძელდება. სავარაუდოდ, სახელმწიფო მდივანი რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს ხუთშაბათს, 24 მარტს გამართავს. რუსული მხარე შეხვედრაზე, ძირითადად, სირიისა და უკრაინის კრიზისებს, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასა და მთლიანობაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს დააყენებს.
„ნათელია, რომ ჩვენ შეხვედრაზე უსაფრთხოების, ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საკითხებს განვიხილავთ“, — განაცხადა კერიმ სააგენტო „რია ნოვოსტის“ კითხვაზე — პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას პირველ რიგში რომელი თემების განხილვას აპირებთ. კითხვაზე, შეხვედრაზე მოხდება თუ არა რაიმე განსაკუთრებულ თემებზე მსჯელობა, კერიმ უპასუხა: „ბევრ განსაკუთრებულ თემაზე“. ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია საკითხები.