ვალერი გელბახიანი: უნდა გამოქვეყნდეს იმ პირების სია, ვისზეც კომპრომატები არსებობს

© თ. ჩოჩუავალერი გელბახიანი
ვალერი გელბახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იურისტი ვალერი გელბახიანი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე დაწყებული გამოძიებით კმაყოფილია. ამის შესახებ გელბახიანი Sputnik-ს ესაუბრა. გელბახიანის აზრით, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას წარუდგინოს იმ მაღალჩინოსნების სია, ვისზეც შესაძლოა კომპრომატები არსებობდეს.

ვალერი გელბახიანი: რას ემსახურება ამ კადრების გავრცელება, ამის თქმა ძალიან ადვილია. საარჩევნო წელია და ეს კომპრომატების ომი ცნობილია ყველა ტექნოლოგიაში. მაგრამ, გააჩნია რა კომპრომატებზეა საუბარი. ასეთ შემთხვევაში, როდესაც კანონით აკრძალული მეთოდებით, ხერხებით ხდება ყველაფერი, მინიმუმ ეს არის დანაშაული. ცხადია, აქ სახელმწიფოს ყველა მექანიზმი უნდა ამუშავდეს, რათა გამოვლენილი და დასჯილი იყვნენ დამნაშავეები. ჯერჯერობით პროკურატურასთან პრეტენზიები არ გამაჩნია. ვხედავ, რომ მათი მხრიდან რეაგირება კეთდება. 

– ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან?

— წარსულში მსგავს ქმედებას ადგილი ჰქონდა გიორგი ფარესიშვილთან მიმართებაში. მაშინ ეს საქმე უფრო ბურუსით იყო მოცული. დღემდე არ არის გარკვეული რეალურად ვინ იყო დამნაშავე პირი. იქ ჩანდა, რომ პროცესებში ხელისუფლება მონაწილეობდა. რადგან ერთი ფაქტი არსებობს, რომ ხელისუფლება მსგავს ქმედებებს ხელს უწყობდა, ბუნებრივია, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მეთოდიკა მათთვის მისაღებია. ამიტომ ვერ გამოვრიცხავ ხელისუფლების მონაწილეობას. მით უმეტეს, კადრები, რომელიც გავრცელდა, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს ყველაფერი გაგრძელდება. 

პრობლემა მარტო ის არ არის, რომ ეს კადრები გამოდის საჯაროდ. მთავარი პრობლემაა, არსებობს თუ არა კომპრომატები ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ და არიან თუ არა ისინი სანდო საზოგადოებისთვის. როდესაც კომპრომატი არსებობს, მისი მიზანია, რომ მან იმუშაოს თავად ამ პიროვნებაზე და ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებებზე. ინფორმატორულ ქსელზეა საუბარი. ხომ შეიძლება ეს კომპრომატები რომელიმე უცხო ქვეყნის დაზვერვის ხელში აღმოჩნდეს? ეს სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. 

– რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართოს ხელისუფლებამ?

— უნდა გამოქვეყნდეს იმ პირების სია, ვისზეც ეს კომპრომატები არსებობს. არ მაქვს საუბარი კადრებზე, ვსაუბრობ სიაზე. უნდა მოხდეს ლუსტრირება, ვისზეც კომპრომატები არსებობს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენები, რათა ეს პირები შემდგომში არ მოექცნენ უცხო სახელმწიფოს დაზვერვის დირექტივების ქვეშ. ეს სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა და, ვფიქრობ, სახელმწიფომ ეს სია უნდა გამოაქვეყნოს.

– „ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“ — ასეთ განცხადებას ავრცელებს გრიგორი კარასინი საქართველოსთან მიმართებაში. როგორ შეიძლება გაიგოს ქართულმა მხარემ ეს განცხადება?

— კარასინს მხედველობაში ჰქონდა ქალბატონი ხიდაშელის რუსეთის მისამართით დამცინავი საუბარი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რუსეთის მუქარა არ არის „გასატარებელი“ და უმნიშვნელო. რუსეთი რაზეც დაგვემუქრა, ყველაფერი აგვისრულა. ეს ძალიან კარგად გვახსოვს ყველას. საქართველო რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რუსეთი ღიზიანდება იმ განცხადებებზე, რომლებიც მის ინტერესში არ ჯდება. ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო.   

თამაზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0