თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ბრიუსელის ტერაქტების მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 34 ადამიანია. აქედან 20 მეტროში, ხოლო 14 აეროპორტში აფეთქებას შეეწირა, იუწყება РИА Новости ბელგიურ ტელეარხ VRT–ზე დაყრდნობით.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო 28 ადამიანი.
ბრიუსელის სამაშველო სამსახურის პრეს-სამსახურმა Sputnik–ს აცნობა, რომ საავადმყოფოებში 24 ადამიანი ძლიერი დამწვრობით გადაიყვანეს, კიდევ 11 ადამიანი კი სერიოზულად დაშავდა.
დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე ბელგიის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება მოხდა. ხელისუფლების ვარაუდით, ერთ–ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ოდნავ მოგვიანებით აფეთქებები მოხდა ბრიუსელის მეტროს სადგურებშიც.