თბილისი, 22 მარტი — Sputnik. აფეთქებების შემდეგ ნატომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.
„ნატოს გენერალური მდივანი გულმოდგინედ ადევნებს თვალს ვითარებას. ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ნატოს შტაბ-ბინაში უსაფრთხოების დონე დაუყოვნებლივ გაძლიერდა. ბელგიის მთავრობამ საფრთხის ეროვნული დონე აამაღლა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ საფრთხის დონის გაზრდა ნატოს შტაბ-ბინაში“, — განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ევროპის ქვეყნების პოლიციები სასწრაფოდ აძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია შვეიცარია და ა.შ. ტელეარხი „ევრონიუსი“ იუწყება, რომ ბელგიის ხელისუფლებამ ტერაქტებთან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა.
ბრიუსელის აეროპორტში სამშაბათს, დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე ორი აფეთქება მოხდა. სხვადასხვა მონაცემებით, აფეთქებებს 13-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით დაიჭრა. აეროპორტში მომხდარი აფეთქებები ტერაქტად აღიარეს.
საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კიდევ ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის „ევროპულ კვარტალში“, მეტროს სადგურებზე „,მალბეკი“ და „შუმანი“. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მეტროს ყველა სადგური დაკეტილია.