დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე „მზის შვილებისთვის“ გასართობი პროგრამით აღნიშნეს. Sputnik-ის ფოტოლენტის საშუალებით იხილეთ თუ როგორ გაერთნენ ბავშვები მთაწმინდის პარკში.
თბილისის საკრებულოს წევრების ორგანიზებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთაწმინდის პარკში ბავშვებისთვის გასართობი პროგრამა მომზადდა. ღონისძიებაზე თბილისის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მიიწვიეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ პატარებს საჩუქრები გადასცეს.
მთელი დღის განმავლობაში ბავშვები სხვადასხვა ატრაქციონებზე უფასოდ გაერთნენ. გარდა ამისა, პატარებს მთაწმინდის პარკში ზღაპრის გმირები დახვდნენ.
დაუნის სინდრომი დაავადებაა, რომელიც გენეტიკური ანომალიის შედეგად წარმოიშობა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში დამატებითი ქრომოსომა ჩნდება. შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა 47 ხდება, როდესაც ნორმა 46-ია.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით, ყოველწლიურად, 21 მარტს აღინიშნება. 2016 წლის სლოგანია: „ჩემი მეგობრები — ჩემი გარემოცვაა“.