თბილისი, 21 – Sputnik. ქართულ-ბელარუსული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება 22-23 მარტს მინსკში ბელარუსში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იუწყება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. საქართველოს პრემიერ-მინსტრთან ერთად ბელარუსში 30 ქართული ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენელიც მიემგზავრება ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, კვების პროდუქტები, ტელეკომუნიკაციები, ალტერნატიული ენერგია და ფარმაცევტიკა.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ბელარუს ბიზნესმენებს შორის და გამოფენა-დეგუსტაცია. ქართველი ბიზნესმენები ეწვევიან ბელარუსულ საწარმოებს. გარდა ამისა, კვირიკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო–სამრეწველო პალატების პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ოქმს ბიზნეს-საბჭოს შექმნის შესახებ. მასში გაერთიანდებიან ის კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით.
ღონისძიება საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ არის ორგანიზებული.