გოგა ხაინდრავა: ეს არის კაცობრიობის თვითმკვლელობამდე მიყვანა!

© თ. ჩოჩუარეჟისორი გოგა ხაინდრავა
რეჟისორი გოგა ხაინდრავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორი გოგა ხაინდრავა Sputnik-ის ჟურნალისტთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივაზე და კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ შესწორების შეტანის თაობაზე საუბრობს.

– კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა. უნდა დაიწყოს თუ არა მუშაობა ამ მიმართულებით ხელისუფლებამ, მაშინ, როცა, მოგეხსენებათ, უვადო პატიმრობამისჯილი პირები ციხეში უმძიმესი დანაშაულებისთვის სხედან?

— უვადო არაფერი არსებობს, ყველაფერს თავისი ვადა აქვს… რაც მთავარია, სიცოცხლეს აქვს ვადა. ამიტომ უვადო პატიმრობა ნიშნავს — უვადო სიცოცხლის მოსპობას. ადამიანში ხდება ფერისცვალება, განსაკუთრებით ეს მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანის ცხოვრებაში უნდა ხდებოდეს. ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებულად უნდა იყოს საზოგადოების განსჯის საგანი და მე აბსოლუტურად ვეთანხმები უწმინდესის მიდგომას ამ საკითხისადმი. საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს ეს ხალხი. მესმის, რომ ისინი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო სხედან ციხეში… თუმცა, ისევ ვიმეორებ, თავად უვადობა ურთულესი საკითხია. 

– როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხის მიმართ?

— ყველას საქმე პიროვნულად უნდა იყოს გადაწყვეტილი. არა რაღაც საერთო, საზოგადო კანონი უნდა არსებობდეს, არამედ უნდა არსებობდეს მაღალი ნდობის კონკრეტული ინსტანცია, რომელიც მიადევნებს თვალს ასეთი პატიმრის ქმედებას, ქცევას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

– არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობამ" ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეეები ქორწინების შესახებ კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერის შესაძლო გაკეთებას აპროტესტებდნენ. მათ ღონისძიებას პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის განცხადება მოჰყვა, რომელიც კრიტიკულად შეფასდა, რადგან მასში დისკრიმინაციული ტერმინები იყო…

— ჩემი მოსაზრება ამ საკითხის მიმართ ასეთია: არსებობს ასეთი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში — თვითმკვლელობამდე მიყვანა. კონკრეტული ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა საკმაოდ მძიმე დანაშაულია და მკაცრად ისჯება კიდეც. კაცობრიობის თვითმკვლეობამდე მიყვანას როგორ ვუყურებთ ჩვენ?!  ის, რასაც ქადაგებს  „იდენტობა“ და რასაც ქადაგებენ ე.წ. ლიბერალები, იგივე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით, ეს არის კაცობრიობის თვითმკვლელობამდე მიყვანა. თუ ჩვენ დავაკანონეთ ერთსქესიანთა ქორწინება და მივეცით მათ ბავშვების აყვანის უფლება, მსოფლიოს აღსასრული დადგება. ევროპულ ქვეყნებში, რომელთა არსებობის საფუძველი კათოლიკური მორალია, დღეგამოშვებით კანონდება ერთსქესიანთა ქორწინება. ვიმეორებ, ეს ტენდენცია კაცობრიობის თვითმკვლელობამდე მიგვიყვანს!

– იყო თუ არა დისკრიმინაციული დეპუტატ მეჭიაურის განცხადება?

— დისკრიმინაციული არის კაცობრიობის თვითმკვლელობის მცდელობა. სამწუხარო ისაა, რომ უკუღმართად მოფიქრალი ადამიანების დიდი ნაწილი პოლიტიკაში აქტიურად მოღვაწეობს და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ ეთანხმება. არა მარტო საქართველოში, ისეთ ქვეყნებში, სადაც დაკანონდა ასეთი ქორწინება, იქაც, დარწმუნებული ვარ, რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, დიდი უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იქნება. სამწუხაროდ, ქვეყნებს მართავენ არა დემოკრატიები, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები.

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0