თბილისი, 21 მარტი — Sputnik. პირველი ქართული გაზეთი 1819 წლის 21 მარტს (ძველი სტილით 8 მარტს) გამოიცა. თავდაპირველად მას „საქართველოს გაზეთი“ ერქვა, ერთი წლის შემდეგ კი მას „ქართული გაზეთი“ დაარქვეს. ამის შესახებ Sputnik-ს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა უამბო.
იმ პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რომლის ხელისუფლებას სურდა მოსახლეობამდე სახელმწიფო განკარგულებები და ბრძანებები მიეტანა.
„ქართულ გაზეთს“ ჯერ რუსული არმიის შტაბში ბეჭდავდნენ რუსულ ენაზე, შემდეგ კი ქართულად თარგმნიდნენ.
გაზეთის ქართულ ენაზე გამოცემის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ იმ პერიოდში ინტერნაციონალური თბილისის უმრავლესობამ ქართული უკეთ იცოდა, ვიდრე რუსული.
გაზეთი სამთავრობო ინფორმაციის გავრცელების საშუალებად იქცა. მასში ასევე ბეჭდავდნენ სიახლეებს მეფის ოჯახზე, პოლიტიკაზე, აგრეთვე რუსი მწერლების ნაწარმოებებს.
„ქართულმა გაზეთმა“ მხოლოდ სამი წელი იარსება.
გაზეთის გამოცემამ საფუძველი დაუდო ქართული ჟურნალისტიკის ფორმირებას. სწორედ ამიტომ 1993 წლის 21 მარტს საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღის აღნიშნვა დაიწყეს.