თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მცხოვრებლებს, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად არიან დასახლებული, ნოვრუზის დღესასწაული მიულოცეს.
ნოვრუზი, ანუ „სპარსული ახალი წელი“ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი, ირანელი და თურქი ხალხების ეროვნული დღესასწაულია. მარნეულში, სადაც მოსახლეობა დღესასწაულს 16 მარტიდან ზეიმობს, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები იმართება.
„დღეს ვიზიარებთ მხიარულებას… იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოსთვის ძალიან ბევრს აკეთებენ… ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების წელს ძალიან აქტიურები იყოთ და არა მხოლოდ როგორც ამომრჩევლები, არამედ როგორც კანდიდატები, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეს შეავსებენ“, — მიმართა გიორგი მარგველაშვილმა.
მარნეულის მოსახლეობას ასევე მიმართა და მათ დღესასწაული აზერბაიჯანულ ენაზე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ჩვენო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გილოცავთ ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის შემოსვლას; გილოცავთ განახლების, სიყვარულის, სიხარულის დღესასწაულს. ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ!“ — თქვა კვირიკაშვილმა.
ნოვრუზს აღნიშნავენ აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, პაკისტანში, ინდოეთში, თურქმენეთში, სირიაში, ირანსა და თურქეთში. თითოეულ ქვეყანაში საკუთარი ტრადიციები აქვთ, მაგრამ არსი ყველგან ერთია — გაზაფხულის მოსვლა.
2009 წლის სექტემბერში ნოვრუზი იუნესკოს კაცობრიობის რეპრეზენტატული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ჩართეს, ხოლო 2010 წლის 23 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი „ნოვრუზის საერთაშორისო დღედ“ გამოაცხადა.