ექსპერტი: ჩამოვარდნილი ბოინგის ეკიპაჟმა უგუნური სიჯიუტე გამოიჩინა

© МЧС РФBoeing-ის კატასტროფის ადგილი როსტოვში
Boeing-ის კატასტროფის ადგილი როსტოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავი სხვა აეროდრომზე რომ დაშვებულიყო, კატასტროფა არ მოხდებოდა, მიიჩნევს სამოქალაქო ავიაციის ასოციაცია „ავიასოიუზის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლაი კარპოვი. გაუგებარია, ასეთი ძლიერი ქარის დროს აეროდრომი რატომ არ დაკეტეს, განაცხადა მან.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. დონის როსტოვში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის Boeing 737-800 ეკიპაჟმა უგუნური სიჯიუტე გამოიჩინა, როდესაც არახელსაყრელ მეტეოპირობებში ლაინერის დაშვებას ცდილობდა, ასეთი ვარაუდი გამოთქვა ლატვიის რადიოსადგურ Baltkom-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის დამსახურებულმა მფრინავმა, სამოქალაქო ავიაციის ასოციაცია „ავიასოიუზის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლაი კარპოვმა. 

„ძლიერი ქარის დროს ყველა საჰაერო ხომალდს დაშვება ეკრძალება. დონის როსტოვის აეროპორტში ასეთ პირობებში „აეროფლოტის“ თვითმფრინავმა სამჯერ სცადა დაშვება, მაგრამ საბოლოო ჯამში დაეშვა კრასნოდარის აეროპორტში. მაგრამ ჩამოვარდნილი ხომალდის ეკიპაჟმა უგუნური სიჯიუტე გამოიჩინა. რისი იმედი ჰქონდათ, ძნელი სათქმელია, მაგრამ სხვა აეროდრომზე რომ წასულიყვნენ, ყველა ცოცხალი და უვნებელი გადარჩებოდა. ისიც საკითხავია, დისპეტჩერებმა რატომ არაფერი მოიმოქმედეს, არაფერი ურჩიეს, საერთოდ, ასეთი ძლიერი ქარის დროს რატომ არ დახურეს აეროდრომი“, — განაცხადა კარპოვმა. 

დუბაიდან მომავალი სამგზავრო ხომალდი Boeing 737-800 დონის როსტოვში წუხელ 4:42 საათზე ჩამოვარდა. თვითმფრინავი დასაფრენ ზოლს ასცდა და მისგან მარცხნივ დაეცა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ცუდი ხილვადობა იყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, ლაინერის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.


ყველა ახალი ამბავი
0