თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ავიაკომპანია Fly Dubai–ს კუთვნილი Boeing 737-800–ს დონის როსტოვში ჩამოვარდნა შესაძლოა ადამიანური ფაქტორით იყოს გამოწვეული, განუცხადა РИА Новости–ს ავიაექსპერტმა, პორტალ avia.ru–ს მთავარმა რედაქტორმა რომან გუსაროვმა.
დუბაიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 დონის როსტოვში წუხელ 4:42 საათზე ჩამოვარდა. თვითმფრინავი დასაფრენ ზოლს ასცდა და მისგან მარცხნივ დაეცა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ცუდი ხილვადობა იყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, ლაინერის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
„მკითხაობა არ მინდა, ფაქტები კი ჯერ ცოტა გვაქვს. შეცდომა… მართლა ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობები რომც იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უფრო ადამიანური ფაქტორია. რთულ მეტეოპირობებში თვითმფრინავის დასმა — არასწორი გადაწყვეტილებაა, რასაც შესაძლოა პილოტირებაში შეცდომაც სდევდა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე რაიმე სხვა არასაშტატო ვითარება არ წარმოქმნილა“, — ამბობს გუსაროვი.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ხომალდის კაპიტანს სათადარიგო აეროდრომზე დაფრენა შესთავაზეს, რაც გავრცელებული პრაქტიკაა. „თუ პილოტმა იცის, რომ შექმნილი მეტეოპირობები ზედმეტად რთულია თვითმფრინავის დასასმელად, დისპეტჩერი მას აუცილებლად სთავაზობს ალტერნატიულ ვარიანტს სხვა მიმართულებით გასაფრენად… აეროპორტთან რა პრეტენზიები შეიძლება გვქონდეს? გადაწყვეტილებას ხომალდის კაპიტანი იღებს“, — დაამატა გუსაროვმა.