ცხოვრებაში არის წუთები, როცა კუნდერასეულ „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეს“ გინდა გაექცე, მოძებნო საინტერესო თანამოსაუბრე და მასთან დღეისთვის ასე არაპოპულარულ, აპოლიტიკურ, მარადიულ თემებზე ისაუბრო. ჩემი რესპონდენტი ფილოსოფოსი ექიმია, კარგად იცის მსოფლიო ლიტერატურა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მისტიკა, ხელოვნება, მათემატიკა, ასტრონომია, კოსმოლოგია, ასტროფიზიკა, რელიგია… ამიტომ ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება და მისეული ახსნა-განმარტება გააჩნია. განათლებული და ოპტიმისტი დიმიტრი ჯუღელი მინდა გაგაცნოთ.
– ბატონო დიმიტრი, ვიცი, რომ სხვადასხვა ფილოსოფიურ კითხვაზე თქვენეული პასუხები გაქვთ, რომელია მათგან ყველაზე მთავარი?
– ჩემეული აღმოჩენაა ის, რაც წიგნებშიც წამიკითხავს, ერთადერთი ზუსტი რეცეპტი ასეთია: „ცხოვრებაში რეცეპტები არ არსებობს“. ეს აღმოჩენა იმას გასწავლის, რომ სხვა შეიძლება ელვად გამოგადგეს, რომ შენი გასავლელი ბნელი ბილიკი გაგინათოს და ცხოვრებაში შენი გასავლელი გზა დაგანახოს. რადგან ყველაფერი ჩემამდეა აღმოჩენილი, ამიტომ მე ამ აზრების ავტორთა თანაავტორი ვარ და სწორედ ეს არის ჩემი აღმოჩენა…
– რა გაძლევთ დღეს ოპტიმიზმის საფუძველს?
— იმის სურვილი, რომ მინდა სიცოცხლე გაგრძელდეს! ყველაფერი, რაც სიცოცხლის სამსახურში დგას, ჩემთვის მისასალმებელია, ყველაფერი, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ჩემთვის მიუღებელია. კაცობრიობას ომის თავიდან ასაცილებლად ეყოფა გონიერება. ერთი ცნობილი კრიტიკოსის გამოთქმას მოვიშველიებ: „ბაირონი ლორდი იყო, ფული ჩეჩქივით ჰქონდა, ულამაზესი კაციც იყო, მოკრივეც, თაყვანისმცემელ ქალებს ვერ აუდიოდა და გენიალური პოეტიც ბრძანდებოდა, მაინც პესიმისტი იყო და შენ რამ გაგაოპტიმისტაო?!“ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ „ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ!“ შანსები არსებობს და გრძელდება. განუხორციელებელი იდეები ჩვენს მოქმედებას ელოდება. ეს ოპტიმიზმი არსებობს აქ, ახლა და უახლოეს მომავალთან მიმართებაში. მე მესმის, რომ შორეულ მომავალში ყველაფერი, რაც დაიწყო, უნდა დამთავრდეს.
– ბატონო დიმიტრი, როგორც ფილოსოფოსი ექიმი, რას ურჩევთ მელანქოლიკ ადამიანებს, როგორ დააღწიონ თავი დეპრესიას ან ნევროზს?
— იცით, ადამიანთა ძალიან დიდ უმრავლესობას ქვეცნობიერსა თუ არაცნობიერში აქვს „საწოლისქვეშა" მისივე გამოგონილი სივრცე, სადაც ცნობიერებიდან განდევნილ, ტაბუდადებულ, აუსრულებელ, სოციუმისთვის მიუღებელ, სამარცხვინო, სექსუალური შინაარსის თუ სხვა სახის ნიაღვარს მიმართავს. როდესაც „საწოლისქვეშა" სივრცე ივსება, მაშინ არაცნობიერიდან განდევნილი ფსიქიკური შინაარსის მქონე მესიჯები იწყება — ისინი არც თუ ხშირად ფობიების, ნევროზის სახით ჩნდებიან. თუ მოახერხებთ, რომ „საწოლის ქვეშ" არაფერი გაუშვათ, მაშინ ეს სივრცე ავტომატურად გაუქმდება და ნევროზი არც კი გეცოდინებათ რა ხილია!…

– „ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო“ — ეს პლავტეს აზრია, როგორია ამ ფრაზის თქვენეული ინტერპრეტაცია?
– მეც ორაზროვნად ვიტყვი პლავტეს სტილში. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს: „ადამიანი ადამიანისთვის ადამიანია!“ ანუ კარგ ვარიანტში ადამიანი ღმერთის ქმნილება, მისი განსხეულებაა, ის, ვისაც უსაზღვრო სიყვარული და მისთვის თავგანწირვა შეუძლია. ცუდ ვარიანტში კი მგელზე უარესია ადამიანი. მე გეტყვით, რომ მგელი ადამიანთან შედარებით უცოდველი კრავია. ლომიც! ცხოველთა მეფე — ადამიანია! ასე რომ „ადამიანი ადამიანისთვის ადამიანია!“
– მოაზროვნე ადამიანს სიზმრებიც ფილოსოფიური და უჩვეულო გექნებათ…
– სიზმრის „რეჟისორები და სცენარის ავტორები“ უმეტესწილად ჩვენვე ვართ. სტუდენტობის შემდეგ, ეტყობა, ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა და ერთი კოშმარი ამეკვიატა. ყოველ ღამით მესიზმრებოდა რაღაც მაჯლაჯუნა, რომელიც ტყეში მომდევდა, მეწეოდა, მიჭერდა და მახრჩობდა. გულგახეთქილი ვიღვიძებდი. ასე გრძელდებოდა ყოველ ღამე. გადავწყვიტე, რომ შევბრძოლებოდი ამ კოშმარს და დავიწყე ძილის წინ თვითშთაგონება, რომ ტყეში კი არ ვარ, საკუთარ საწოლში ვარ და ვერავითარი „მაჯლაჯუნა“ აქ ვერ შემოაღწევს. ყოველი დაწოლის წინ ვიმეორებდი და საკუთარ თავს ამას შთავაგონებდი. რამდენიმე დღე არაფერი გამომდიოდა, კოშმარი მაინც დაბარებულივით შუაღამით მაღვიძებდა. ერთხელაც მესიზმრა ზუსტად იგივე მაჯლაჯუნა, რომელიც ტყეში კი არა, არამედ ჩემ საკუთარ საწოლში იჯდა და მგუდავდა. ისევ გულგახეთქილს გამომეღვიძა, მაგრამ გამეცინა, მივხვდი, რომ ეს სიზმარი ჩემი ტვინის ბოლო ოინი იყო, რომელიც მან ჩემი თვითშთაგონების წინააღმდეგ გამოიყენა. ტყე კი ჩემივე საწოლით შემიცვალა, რომ სიზმარი რეალურს დამსგავსებოდა. ამ ოინსაც რომ მივუხვდი, თავი დამანება და ასეთი რამ მეტად აღარ დამსიზმრებია. თუ თქვენც საკუთარ ტვინს მიუხვდებით მის მიერ შემოთავაზებულ რაიმე „ოინს” და რაციონალურად მოიქცევით, ანუ დააიგნორებთ მას, მაშინ კოშმარი თავს დაგანებებთ.
– ბატონო დიმიტრი, იუმორი ადამიანისთვის ყველა დროში მაშველი რგოლივით იყო. როგორია თქვენ მიერ იუმორით აღქმული რეალობა?
– იუმორი ადამიანის ნიჭია, რომლითაც, სიმონიკა სხირტლაძის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სიკვდილს იგერიებს“ და ცხოვრებას ახანგრძლივებს. მიყვარს ხუმრობა და ყველა, ვისაც იუმორის გაგების ნიჭი აქვს. ცხოველებში არ მგონია, რომ ასეთი რამ იყოს. ისევე, როგორც ცხოველმა არ იცის შვილიშვილის ცნება. თანავუგრძობ ადამიანს, რომელსაც ხუმრობა არ ესმის. რა თქმა უნდა, სულ იუმორის განწყობაზე ვერ იქნები ადამიანი, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია.
– დაასრულეთ აზრი: თავს კარგად ვგრძნობ, როცა…
– როცა რამე, ან ვინმე მიყვარს, როცა რამეს ვაკეთებ, როცა არაფერს ვაკეთებ, როცა ვურთიერთობ ადამიანთან, რომელიც რაიმეს მასწავლის, როცა რაიმეს შევიმეცნებ, როცა მუსიკას ვუსმენ, როცა საინტერესო წიგნს ვკითხულობ, როცა ვჭამ, როცა ვმოგზაურობ, როცა ბავშვებს ზღაპარს ვუკითხავ, როცა, უბრალოდ, ვარსებობ!..