როგორ მოვუაროთ წიწვოვნებს გაზაფხულზე - ვიდეოგაკვეთილები პრაქტიკოსი მებაღისგან

© photo: Sputnik / Denis Aslanovროგორ მოვუაროთ წიწვოვან მცენარეებს გაზაფხულზე. აგრონომი თენგიზ კუტალია
როგორ მოვუაროთ წიწვოვან მცენარეებს გაზაფხულზე. აგრონომი თენგიზ კუტალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზაფხული საუკეთესო პერიოდია თქვენ ბაღში წიწვოვანი მცენარეების განახლებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბაღების ეს ულამაზესი სამშვენისები არც ისე პრეტენზიულნი არიან, გაზაფხულზე ყურადღება და განახლება ისევე სჭირდებათ, როგორც სხვა მცენარეებს. როგორ და რა პირობებში უნდა განვახორციელოთ ეს ღონისძიებები, ამის შესახებ აგრონომი თენგიზ კუტალია გვიამბობს.

ნაზამთრალი წიწვოვანებისთვის ფორმის დასაბრუნებლად და სწრაფად აღდგენისათვის მებაღეები სამი მთავარი ღონისძიების ჩატარებას გვირჩევენ: მექანიკური გასხვლა-გასუფთავება, მცენარის ვარჯის რომელიმე ბიოსტიმულატორით დამუშავება და სასუქით კვება. 

წიწვოვან მცენარეთა გასხვლას, საერთოდ, სანიტარულის გარდა სასურველი ფორმის მიღების მიზნითაც მიმართავენ.

გასხვლისათვის საუკეთესო დროა წლის ცივი პერიოდი, როდესაც მცენარე ისვენებს. თუმცა ეს ზოგადი მიდგომაა და განსხვავებულია წიწვოვანების სახეობების მიხედვით. ღვიას, ტუიასა და კვიპაროზის გასხვლა სასურველია გაზაფხულზე, ხოლო ნაძვისა და ფიჭვის ახალი ნაზარდების წაჩქმეტა ეფექტურია მაის-ივნისში. წაჩქმეტილ ნაზარდებზე შემდგომში ჩხროებად ამოიზრდება ახალი ტოტები. ასეთი ნაძვი და ფიჭვი ძალიან ლამაზია წიწვების ფაფუკი და ჰაეროვანი ფორმის გამო. 

© photo: Sputnik / Denis Aslanovმაღალი წიწვოვანების გასაკრეჭად კიბეც დაგჭირდებათ
მაღალი წიწვოვანების გასაკრეჭად კიბეც დაგჭირდებათ - Sputnik საქართველო
მაღალი წიწვოვანების გასაკრეჭად კიბეც დაგჭირდებათ

ზოგადად, გასხვლის მიზანი, გარდა სანიტარული დასუფთავებისა, ზრდის ბალანსირებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია გასხვლის ტექნიკა და აუცილებელი პირობები. სხვლისას გამოიყენება მხოლოდ ბასრი საჭრელი ხელსაწყოები — სეკატორი, ბაღის მაკრატელი და ხერხი. გასასხლავი თუ გასაკრეჭი მცენარისგან 30%-ზე მეტი მოცულობის მწვანე მასის მოცილება მიზანშეწონილი არ არის. ძველი საღი ტოტების მოჭრა ერთობ საფრთხილოა და შეიძლება გამოიწვიოს მცენარის დაკნინება. პერიოდულად უნდა მოხდეს საჭრელი ხელსაწყოების პირის დეზინფექცია.

ტენიან და წვიმიან ამინდში სხვლა დაუშვებელია. სასურველი ფორმის მისაცემად წიწვოვნების გასხვლა უნდა დავიწყოთ ქვევიდან ზევით. ყურადღებით დაათვალიერეთ მცენარის მთელი ვარჯი. ტუიებს, კვიპაროზებს და ღვიებს ახასიათებთ შიდა ტოტებისა და ნაზარდების ჩახმობა, რაც შემდგომში  სოკოვანი დაავადების წყარო ხდება. ისინი აუცილებლად უნდა გამოიწმინდოს და ჩამოიბერტყოს მცენარიდან. დიდი სიფრთხილე გმართებთ წიწვოვნების ახალნარგავების ფორმირებისას. გასათვალისწინებელია, რომ თუ ფიჭვს, კედარს ან ნაძვს წაეჭრა ზრდის მთავარი წვერო, მისი განახლება ვერ ხდება და მცენარის ზრდა ნელდება, მახინჯდება და კნინდება, ამიტომ გაუფრთხილდით ზრდის კონუსს. ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ტუიას, ღვიას, კვიპაროზისა და ზოგიერთი სხვა წიწვოვნის წინა წლის ნაზარდს ახასიათებს მუქი ყავისფერი შეფერილობა. ეს დაავადება არ არის და არც გახმობის ნიშანია. ნაზარდების გამუქება მცენარის მიერ სიცივისადმი თავდაცვის რეაქციაა. ხოლო თუ ვეგეტაციის პერიოდში შეინიშნება ჟანგისფერი შეფერილობა, ეს გამხმარი ან დაავადებული ნაზარდია.

თუ წიწვოვნების ვარჯის შიგნით ტოტები ჩახშირებულია და გაძნელებულია აერაცია, ნაწვიმარზე ტოტები ვერ ასწრებენ ბოლომდე გაშრობას, რაც შემდგომში იწვევს სოკოვან დაავადებებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მცენარის წამლობა სპილენძის შემცველი პრეპარატებით — ბორდოს ნარევის 1%-იანი ხსნარი, ტოპაზი ან სხვა. კარგი საშუალებაა ტოტების გამოხშირვა.

საქართველოსთვის განსაკუთრებულად ცივ კლიმატურ პირობებში ხშირია, როცა ზამთრის ბოლოს ან ადრე  გაზაფხულზე ნაძვებსა და ფიჭვებს წიწვები უხმებათ. ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ როცა მიწა ჯერ კიდევ გაყინულია, მცხუნვარე მზეზე მცენარისგან ტენის აორთქლება სწორედ მისი წიწვებისაგან ხდება, რომელთაც სანაცვლოდ ფესვებისგან წყალი ვერ მიეწოდებათ, რაც მათ გამოფიტვას და ხმობას იწვევს. ამის თავიდან ასარიდებლად მებაღეები მარტივ საშუალებას გვთავაზობენ: ამ პერიოდში მორწყეთ წიწვოვნები 40-50 გრადუსიანი თბილი წყლით, ეს მათ საჭირო ტენით უზრუნველყოფს. 

დაზიანებული წიწვოვანების სწრაფი აღდგენისა და წარმატებული ვეგეტაციისთვის კარგი საშუალებაა ბიოსტიმულატორებით, მაგალითად „ეპინით“ ვარჯის დასხურება. მცენარის დამუშავება მშრალ, უქარო ამინდში უნდა მოხდეს. 

ბოლოს კი არ დაგავიწყდეთ თქვენი მცენარის ფესვთა სისტემისთვის  წიწვოვანებისთვის განკუთვნილი სპეციალური მინერალური სასუქის მიწოდებაც. 

დღეისათვის საქართველოში გამწვანებაში წიწვოვანი მცენარეების საკმაოდ მდიდარი ასორტიმენტი გამოიყენება, ბევრია მათ შორის ახალი ჯიშებიც. ამიტომ მოყვარული მებაღეებისთვის წიწვოვნების ზუსტი სახელდება საკმაოდ რთული საკითხია. მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მათდამი. დეკორატიულ მებაღეობაში გამოყენების მიხედვით წიწვოვნები ლიდერები არიან და ლამაზად ფორმირებული მცენარეები კვლავაც მოგანიჭებთ სიამოვნებას და ხალისს.


ყველა ახალი ამბავი
0