თბილისი, 17 მარტი — Sputnik. შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა გორში ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობისათვის 20 წლის თინათინ გ. დააკავეს, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისივე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
„სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა,“ — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.