ქართველი მომღერალი “კარნეგი ჰოლში“ და იტალიელ კარაბინერებთან სიმღერა ღამის მილანში

© FB/ Beqa Goginashviliბექა გოგინაშვილი
ბექა გოგინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა "ქართველები უცხოეთში“ ნიუ-იორკში მოღვაწე საოპერო მომღერალს, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელს და იაპონური საბრძოლო ხელოვნების არაერთი ტურნირის გამარჯვებულს ბექა გოგინაშვილს გაგაცნობთ.

ნიჭიერი ქართველი საოპერო მომღერალი ბექა გოგინაშვილი მსოფლიო მასშტაბის მომღერლებთან ერთად იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნების არაერთ პრესტიჟულ სცენაზე გამოსულა. მისმა სოლო-კონცერტმა ამერიკაში წარმატებით ჩაიარა. მაგრამ მომღერლის ცხოვრება მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლება. იგი საქველმოქმედო ფონდ "თამარიანის" დამაარსებელიცაა და მისი სახელით ადამიანებისთვის დახმარების რეალურად გაწევაც შეძლო. გარდა ამისა, ცხოვრებაში აქტიური ადამიანი, 17 წელია, რაც იაპონური საბრძოლო ხელოვნებითაა დაკავებული და არაერთი ჩემპიონატისა და პირველობის გამარჯვებული და პრიზიორია — აქვს შავი ქამრის პირველი დანი.  ამჟამად ნიუ-იორკში გახსნილ საკუთარ სკოლაში ამერიკელებს ასწავლის სხვადასხვა სიტუაციაში თავდაცვასა და ებრაულ საბრძოლო ხელოვნებას, რითიც ბოლო დროს დაინტერესდა.
– ბექა, ქართული საოპერო სკოლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც უცხოეთის საოპერო სცენებზე წარმატებით გამოდის.
— გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ არაერთ პრესტიჟულ სცენაზე გამოჩენილ მომღერლებთან ერთად სიმღერამ და მათთან თანამშრომლობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ამერიკაში ჩამოსვლის პირველივე კვირას გავიცანი „მეტროპოლიტენ ოპერის“ ქართველი სოლისტი ზურაბ ნინუა, რომელიც გვერდში დამიდგა და 2015 წლის 26 აპრილს ჩატარებული ჩემი სოლო-კონცერტიც მისი დამსახურებაა. მინდა ჩემ პიანისტთან ნინო ღარიბაშვილთან ურთიერთობაც გამოვყო და აღვნიშნო, რომ ეს არის პროფესიონალ მუსიკოსთა ოჯახი, რომელიც ულამაზეს ხელოვნებას ქმნის. არ შემიძლია განსაკუთრებულად არ აღვნიშნო ამერიკელი ბატონი ვიქტორ სირელსონი, რომელსაც ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში ლომის წვლილი მიუძღვის. ამერიკაში მან დააარსა Dancing Crane Studio, სადაც წლებია, ქართულ საქმეს არაერთი ხელოვანი აკეთებს. როცა აქ ჩამოვედი, ამ სტუდიაში არსებული ქართული ხალხური ანსამბლის წევრად მიმიღეს და მათთან ერთად უამრავ ღონისძიებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

© FB/ Beqa Goginashviliბექა გოგინაშვილი
ბექა გოგინაშვილი - Sputnik საქართველო
ბექა გოგინაშვილი

– თავის დროზე საოპერო ხელოვნებაზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?
— ალბათ 12-13 წლის ვიყავი, როდესაც დედამ აღმოაჩინა, რომ ხმა მქონდა და სიმღერის ნიჭიც გამოვამჟღავნე, ამიტომ თავის მეგობართან, ოპერის სოლისტ მზია დავითაშვილთან მიმიყვანა. მან გამსინჯა და მეცადინეობაც მალევე დავიწყე, რამაც შედეგი გამოიღო. ბედნიერი ვარ, რომ ნიუ-იორკში, „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე გამოსვლა ამერიკაში არსებულ ბერძნულ დიასპორასთან ერთად მომიწია, ეს 2015 წლის ზაფხულში იყო. თბილად მახსენდება 2014 წელს კიევში „ოპერეტას ფესტივალზე“ გამოსვლაც, სადაც უკრაინული სიმღერის საუკეთესო უცხოელი შემსრულებლის ჯილდო დავიმსახურე. პენსილვანიის ქალაქ სკრენტონში გაიმართა ჩემი სოლო-კონცერტი, სადაც კლასიკური ნაწარმოებების გარდა, მეგობრებთან ერთად რამდენიმე ქართული სიმღერაც შევასრულე.
– ბექა, ვიცი, რომ საოპერო მუსიკის გარდა სხვა სერიოზული გატაცებაც გაქვთ. ეს იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, ნიუ-იორკში სკოლაც კი დააარსეთ…
— დიახ, სიმღერის გარდა სერიოზულად ვარ დაინტერესებული იაპონური საბრძოლო ხელოვნებით. არაერთი ჩემპიონატისა და პირველობის გამარჯვებული და პრიზიორი, შავი ქამრის პირველი დანის მფლობელი ვარ. ამას გარდა 17 წელია, რაც საქართველოს კარატეს ცენტრალური სკოლის სპორტსმენი ვარ. მინდა ვახსენო ბესო ხუციშვილი, რომელიც ის კაცია, ვინც საბრძოლო ხელოვნებაში დაოსტატებასთან ერთად პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც დამეხმარა. რამდენიმე წელია, რაც დავეუფლე ებრაულ საბრძოლო ხელოვნებას "კრავ-მაგა", რომელიც ცხოვრებისეულ სიტუაციებში გარკვევაში დამეხმარა… ამჟამად ნიუ-იორკში მაქვს ჩემი სკოლა, სადაც ამერიკელებს თავდაცვას ვასწავლი.

© FB/ Beqa Goginashviliბექა გოგინაშვილი
ბექა გოგინაშვილი - Sputnik საქართველო
ბექა გოგინაშვილი

– დაძაბული რეჟიმის მიუხედავად ახერხებთ, რომ ფონდ,,თამარიანის“ პრეზიდენტიც იყოთ. მისი სახელით ბევრი საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეთ…
— საერთოდ ხელოვნება კეთილი საქმის გაკეთების საშუალებას გვაძლევს და, ამდენად, უფლის საჩუქარია, ამ იდეით მოტივირებულმა გადავწყვიტე, რომ საქველმოქმედო ფონდი "თამარიანი" დამეარსებინა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში უკვე მოვასწარით ორი ღონისძიების ორგანიზება. აქედან ერთი ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენასა და მათ ხელის შეწყობას ემსახურებოდა. შარშან ფონდის სახელით მუსიკალური კონკურსი "კახეთი — 2015"დავაარსეთ.


– ბექა, ალბათ, თქვენი ემიგრანტული ცხოვრების მანძილზე არაერთი ისტორია გადაგხდენიათ?
— ერთხელ იტალიაში, ქალაქ მილანში ჩემი ბავშვობის მეგობართან ვიყავი სტუმრად, ღამით ბრიუსელში უნდა გავფრენილიყავი. რა თქმა უნდა, მეგობარმა გადაწყვიტა, რომ გავეცილებინე. მოგვიანებით, გზაში აღმოაჩინა, რომ საბუთები სახლში დარჩა. როცა იტალიელმა კარაბინერებმა ღამის 4 საათზე მისი მანქანა გააჩერეს, ჩვენი ვინაობით დაინტერესდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ იტალიაში საოპერო ხელოვნების შესასწავლად ვიყავი ჩასული, მაგრამ არ დამიჯერეს. ერთ-ერთმა მათგანმა მანქანიდან თავი გამოყო და მეუბნება: თუ გინდა დაგიჯეროთ და განყოფილებაში არ წავიდეთ, აქვე, ახლავე რამე უნდა გვიმღეროო. ალბათ ხვდებით დილის 4 საათზე ოპერის მომღერლისთვის სიმღერა რას ნიშნავს! აღელვებისგან საერთოდ ამომივარდა თავიდან, რაც რეპერტუარში სიმღერები მქონდა. კარაბინერი მომიტრიალდა და გამიმეორა: ან იმღერე, ან განყოფილებაში წავედითო. მოკლედ, ღამის 4 საათზე კარაბინერებთან დუეტში ვიმღერე და ჩემი გამოსვლა ალფრედოს არიით დავამთავრე. გარშემო ყველა მცხოვრები გავაღვიძე და გაღებული დარაბებიდან იტალიელების ტაშიც დავიმსახურე. რაც მთავარია, დაუბრკოლებლად მივედი აეროპორტში და ჩემი მეგობარიც სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდა. ასე გადამარჩინა ჩემმა სიმღერამ იტალიაში.

ყველა ახალი ამბავი
0