რა საფრთხეს უქმნის ლარის გამყარება ქართულ ეკონომიკას? - დემურ გიორხელიძე განმარტავს

© თ. ჩოჩუადემურ გიორხელიძე
დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ლარის კურსის უეცარ გამყარებას უარყოფითად აფასებს. როგორც გიორხელიძე აცხადებს, კურსის გამყარება ხელოვნურად ხდება და ეს პროცესი ქართულ ეკონომიკას უფრო დააზიანებს. ამის შესახებ გიორხელიძე sputnik-ს ესაუბრა და განმარტა, თუ რა საფრთხეებს უქმნის ლარის ხელოვნური გამყარება ეკონომიკას.

დემურ გიორხელიძე: ვერავინ მეტყვის თუ რა ხდება ახლა. ასეთი კატასტროფული დაცემა იყო ლარის და ახლა ასე კატასტროფულად მყარდება, ეს არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. ეს არის დახურული პროცედურების შედეგი, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსის განსაზღვრასთან დაკავშირებით ხდება. ზუსტად ვიცი, როგორ ყალიბდება კურსი. კურსი ბუნებრივად რომ შეცვლილიყო ერთ კვირაში ასე, ამისთვის საჭირო იყო 380 მლნ დოლარის გამოყრა. ასეთი რამ არ მომხდარა, ქართულ ბაზარზე, ერთ კვირაში, 380 მლნ-ს ბრუნვა არ ხდება.
- ანუ, საქმე გვაქვს ხელისუფლების მხრიდან მართულ პროცესზე? რა მექანიზმით შეუძლია ხელისუფლებას ლარის გამყარება?
— ბანკებს მიეცათ გარკვეული დავალება, რომ მათ შეამცირონ აქტივობა და შესაბამისად, კურსის ხელოვნური აწევა ხდება. თუ ვინმე აკეთებს ამას იმიტომ, რომ საზოგადოებას ქადაგიძის ცუდი ბიჭობა დაუმტკიცოს, ეს ძალიან ცუდი გონების მოფიქრებულია. ვალუტის ზევით-ქვევით სიარული ქართულ ეკონომიკას არ წაადგება.
- სადამდე შეიძლება გამყარდეს ლარის კურსი?
— ასე ხელოვნურად, როგორც დღეს ხდება ლარის გამყარება, სადამდეც უნდათ იქამდე ჩამოიყვანენ. ლარის კურსის ასე დახურული თამაში არის ყველაზე დიდი შეცდომა, წინა ხელისუფლების მიერ, რომლებმაც გაანადგურეს ბანკთაშორისი ბირჟა და დახურეს მთლიანად სავაჭრო პროცედურები.
- რა უარყოფით შედეგს გამოიწვევს ლარის კურსის ხელოვნური გამყარება?
— მთელი ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული. კურსის ასეთი სწრაფი გამყარება იმპორტიორებისთვის არის პირველ რიგში სასარგებლო და აბსოლუტურად მიუღებელია შიდა წარმოებისთვის. შიდა წარმოების პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება. ამასთანავე შეიქმნება სერიოზული პრობლემა.
- თუ ლარის კურის გამყარება ეკონომიკას უარეს ზიანს მოუტანს, მაშინ რა უნდა გაკეთდეს ვითარების დასტაბილურებისთვის?
— გამყარება, პროფესიული თვალსაზრისით უაზრობაა. ჩვენ გვჭირდება სტაბილური ვალუტა, რომელიც წონასწორული ფასის ირგვლივ ირხევა მცირე ამპლიტუდით და ეს საშუალებას აძლევს ბიზნესს აკეთოს თავის საქმე ისე, რომ გააკეთოს გათვლები და არ იყოს რისკის ქვეშ.

 

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0