თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქართველი რეჟისორის გიორგი ვარსიმაშვილის კომედია „პარიზული ოცნების“ რუსული პრემიერა სანკტ-პეტერბურგში 17 მარტს გაიმართება. ამის შესახებ Sputnik-ს თავად რეჟისორმა აცნობა.
„ფილმი გაქირავებაში კინოთეატრ „როდინაში“ 17 მარტს გამოვა, ხოლო წინა დღეს პრესისა და მოწვეული სტუმრებისთვის მისი წინასაპრემიერო ჩვენება გაიმართება. პრემიერას ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მადლენ პუგაჩი დაესწრება“, — განაცხადა ვარსიმაშვილმა.
ფილმი ფრანგულ ენაზე რუსული სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები. რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში პრემიერის შემდეგ „პარიზული ოცნების“ ჩვენებას რუსეთის სხვა ქალაქებშიც აპირებენ, აღნიშნა რეჟისორმა.
ფრანგულ-ქართული კომედია „პარიზული ოცნება“ ქართველმა რეჟისორმა პარიზში 2012 წელს გადაიღო. ორიგინალურ ვერსიაში კინოფილმს Particulier à particulier ეწოდება, რაც ნიშნავს „მესაკუთრიდან მესაკუთრემდე“ — ანუ, პარიზში საცხოვრებელი ფართის ძიების სისტემა შუამავლის გარეშე.
ფილმი ახალგაზრდა გოგონაზე — კონსტანს მერსიეზე მოგვითხრობს, რომელიც პროვინციული ქალაქიდან პარიზში სასწავლებლად ჩადის. მისი მხრიდან ბინის დაქირავების ყველა მცდელობა ბინათმფლობელის უარით მთავრდება. ცხოვრების რთული ვითარება საფრანგეთის დედაქალაქში ფილმის გმირს მნიშვნელოვანი, საბედისწერო არჩევანის წინაშე აყენებს.
როგორც ავტორმა აღნიშნა, „პარიზული ოცნება“ იმით არის უნიკალური, რომ მინიმალური ბიუჯეტით, დაახლოებით 2 ათასი ევროთი და ოთხკაციანი გადამღები ჯგუფით გადაიღეს. მაგრამ, მიუხედავად მცირე დანახარჯისა, სურათის ჩვენება ფრანგულ (2015 წელს) და ქართულ (2014 წ.) კინოგაქირავებაში წარმატებული იყო. ის ასევე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე გახდა.
კომედიაში როლებს ასრულებენ მადლენ პუგაჩი, კამი კოკენიო, გაბრიელ მირეტე. ეპიზოდურ როლში მონაწილეობს თავად ფილმის რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი.
გიორგი ვარსიმაშვილი 1986 წელს ცნობილი ქართველი კინო და თეატრის რეჟისორის, გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ავთანდილ ვარსიმაშვილის ოჯახში დაიბადა. კინემატოგრაფიული განათლება გიორგიმ საფრანგეთში მიიღო, ის პარიზული კინოსკოლების ESRA და UniversiteParis 8-ს კურსდამთავრებულია (ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი).
„პარიზული ოცნება“ გიორგი ვარსიმაშვილის დებიუტია სრულმეტრაჟიან კინოში. მანამდე რეჟისორს 12 ფრანგული და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული.