თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა სომხეთში სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი დააკავეს, რომელიც სომხეთ-თურქეთის საზღვარზე უკანონოდ იმყოფებოდა, იუწყება „Sputnik სომხეთი“ სომხეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„შირაქის ოლქის სოფელ ერაზგოვორსში, სასაზღვრო ზოლში უცნობი პირი გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ეკითხებოდა, როგორ უნდა მოხვედრილიყო თურქეთში, რათა შავ ზღვაზე დაესვენა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მოქალაქეებმა ამის შესახებ მაშინვე გიუმრის სასაზღვრო რაზმს აცნობეს.
მამაკაცი რამდენიმე წუთში დააკავეს მესაზღვრეებმა შირაქის ოლქის პოლიციასთან ერთად.
„პირადი ჩხრეკისას მამაკაცს აღმოაჩნდა ბელარუსის პასპორტი, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტის რვა სახეობა, მათ შორის, მაგალითად, ვიეტნამური დონგი. როგორც კანონის დამრღვევმა აღნიშნა, მას უბრალოდ, „ავტოსტოპით“ მოგზაურობა უყვარს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ეს მოქალაქე ფსიქიატრთან აღრიცხვაზე იმყოფება, მას 2015 წელსაც ეძებდა ბელარუსის პოლიცია, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავებული, შემდგომი მოკვლევის მიზნით, უშიშროების სამსახურს გადაეცა.