თბილისი, 14 მარტი — Sputnik. უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა კიევში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გოჩა ჯინჭარაძე, მეტსახელად „ყურშა“ დააკავეს.
უკრაინის ტერიტორიაზე კრიმინალური ავტორიტეტი არალეგალურად, კახიძის გვარით იმყოფებოდა. ის არაერთხელ ნასამართლევია როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, განაცხადა ეროვნული პოლიციის კიევის ოლქის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ვადიმ ტროიანმა „ფეისბუქის“ გვერდზე.
ჯინჭარაძის ექსტრადიცია საქართველოში უახლოეს მომავალში განხორციელდება. „კანონიერი ქურდის“ საქართველოსთვის გადმოცემის ზუსტ თარიღს საქართველოს პროკურატურაში არ ასახელებენ.
„კანონიერი ქურდობა“ საქართველოში დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი მუხლი, რომელიც ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.