სოფო კაკაჩია
ლევანი წარმოშობით ქალაქ ხობიდანაა, თუმცა კარიერული ზრდისთვის მას დედაქალაქში მოუწია ჩასვლა. პირველი პროფესიული განათლება საპატრიარქოსთან არსებულ სამჭედლოში მიიღო, რომელსაც კახაბერ ზარნაძე ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა ოსტატი მონაწილეობს ქვეყნის გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში. დანების, ხანჯლებისა და სხვა „მამაკაცური ნივთების“ შემქმნელს, გეგმაში აქვს შექმნას კოლექცია სპეციალურად ქალბატონებისთვის. ლევანი თვლის, რომ მთავარი ამ პროფესიაში არის მუდმივი სწავლა და ცოდნის გაღრმავება. ამ საკმაოდ სახიფათო პროფესიის წარმომადგენელთან Sputnik-მა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
— 2003 წლიდან ვმოღვაწეობ ამ სფეროში, ბავშვობიდან მაინტერესებდა იარაღები და მიტაცებდა მისი ესტეთიური მხარე. კახაბერ ზარნაძე იყო ჩემი პირველი მასწავლებელი და, სიმართლე გითხრათ, დღემდე ვსწავლობ როგორც ხელოსანი. ამაში ძალიან მეხმარება მჭედელთა საერთაშორისო ფესტივალები. ურთიერთობა მაქვს უკრაინელ, რუს, ესტონელ, ფინელ კოლეგებთან. წელიწადში ორჯერ მაინც გავდივარ ქვეყნის გარეთ ფესტივალებზე. ვეცნობი ახალ ინსტრუმენტებს, ფოლადის ჩემთვის უცნობ მარკებს, მათი დამუშავების ტექნოლოგიას და ა.შ.
ოსტატისთვის მნიშვნელოვანია დამკვეთის სურვილი, თუმცა მის მიერ შექმნილი თითოეული ნივთი უნიკალურია და არამც და არამც არ მეორდება. ამჟამად მოხატულ დანებს იშვიათად ქმნის, ვინაიდან ფიქრობს, რომ ზედმეტად მოხატული დანა თუ ხმალი მას სუვენირის ფუნქციას სძენს.
— კარიერის დასაწყისში ხშირად ვამზადებდი მოხატულ იარაღს, ძირითადად კოლხური ბრინჯაოს პერიოდის ორნამენტებს ვაკეთებდი, მაგრამ ოდნავ ჩემი გემოვნებით სტილიზებულს. ნივთის შექმნისას მთავარი პრინციპია, რომ ნივთი იყოს ფუნქციონალური, მერე უკვე შესრულების სისუფთავე და სიზუსტე მოდის. იმდენად ზუსტად უნდა იყოს შესრულებული, რომ არ ჩამოუვარდებოდეს ქარხნულს. ახლა იშვიათად ვამზადებ მოხატულ იარაღის პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის სურვილია. ვთვლი, რომ როგორც მამაკაცს არ შეშვენის ზედმეტი გადაპრანჭვა, ისე ცივ იარაღს, ზედმეტად მოხატული კი სუვენირი უფრო გამოდის. ცივ იარაღს ხისტი წიბოები თუ სხვა ელემენტები, რომლებიც ტრადიციულად ახლავს კავკასიურ იარაღს, მკაცრ და ელეგანტურ იერს ისედაც აძლევს. თითოეულ ნივთზე დაახლოებით 2 კვირა ვმუშაობ.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ევროპაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მჭეედლობის სფეროს და ძალიან დიდი სურვილი აქვს საქართველოშიც მეტი პოპულარიზაცია გაეწიოს ამ საქმიანობას.
— ევროპაში სახელმწიფო ძალიან ეხმარება ამ სფეროს და უწევს პოპულარიზაციას. ამას წინათ გახლდით ორი თვით წასული ესტონეთში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი კიდეც. შემდეგ კი ფინეთში მიგვიწვიეს ფინელმა კოლეგებმა, რომლებიც წინა წლის ფესტივალიდან გავიცანი. ფინეთში არის დაბა სახელად ფისკარსი, სადაც შვედებს მე-19 საუკუნეში რკინის მომპოვებელი საწარმო აუშენებიათ. ეს არის ერთ-ერთი მხარე ფინეთში, რომელიც ტბების სიუხვით არის განთქმული. მანდვე, ერთ-ერთ ტბაზე აშენებულია დამბა და წყლის ენერგია გამოიყენება უზარმაზარი მექანიკური უროს მუშაობაში — ისეთი მასშტაბებისთვის, რომელსაც ადამიანის ენერგია ვერ გასწვდება. სწორედ ფისკარსიში იმართება ყოველი წლის მაისში სკანდინავიური დანის მკეთებელთა გამოფენა-კონკურსი. ჩვენთან კი ტრადიციული რეწვა, რატომღაც, მხოლოდ ტურისტზე გათვლილ ერთჯერად პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ ტურისტი, რომელმაც იცის ხარისხი, ერთჯერად ნივთს მეორედ უკვე არ იყიდის.
ეს ის პროფესიაა, სადაც უსაფრთხოება ასი პროცენტით უნდა იყოს დაცული, ვინაიდან სულ მცირე შეცდომა შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.
— ჩვენი წინაპრები ბრძენი ხალხი იყვნენ, უსაფრთხოებაც საკმაოდ ჰქონდათ გათვალისწინებული. მჭედლების საქმიანობა მაღალ ტემპერატურასთანაა დაკავშირებული, ზოგჯერ 1200 გრადუსამდეც ამყავს და ამიტომ ამ პროფესიას თავისი წესები აქვს. ეს არის ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია, ჭედვის დროს ლაპარაკი სასტიკად აკრძალულია, ვინაიდან ვერბალური ურთიერთობა ყურადღებას ფანტავს. ასევე ზედმეტი დამსწრე არ შეიძლება სამჭედლოში. მჭედელი და მეუროვე საკმარისია, ამ ორს კი ერთმანეთის უსუტყვოდ ესმის.
სამომავლოდ ვგევმავ შევქმნა სპეციალური კოლექცია ქალბატონებისთვის, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, ვინაიდან წინასწარ ვერ ვიტყვი – რა როგორი იქნება. თუმცა ჩემი მიზანია განვავითარო ქართული ცივი იარაღის სამჭედლო საქმე. ასევე მინდა პერსონალური გამოფენის მოწყობა.
მჭედელ ლევან ბუკიას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი danebi.ge, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაათვალიეროს მისი ნამუშევრები.