ინტერვიუს პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე>>
ლერი ხაბელოვი — სახელგანთქმული სპორტსმენი, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული — დაწყებული საბჭოთა კავშირის სპარტაკიადით, დასრულებული ოლიმპიური თამაშებით. სპორტული კარიერის განმავლობაში მიღებული უზარმაზარი გამოცდილება ვერ და არ ჩაივლიდა უკვალოდ. თუ ხალიჩაზე გასული ლერი ხაბელოვი მხოლოდ საკუთარ თავზე აგებდა პასუხს, ახლა, როცა იგი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახდა, მთელი ქვეყნის ოლიმპიურ მოძრაობას, ბრაზილიაში საქართველოს სახელით წარსაგზავნ სპორტსმენებს ჩაუდგა სათავეში.
- სპორტში ყველაფერი ნახეთ და ყველა ის ემოციაც გამოსცადეთ, რაც კი შეიძლებოდა რომ გამოგეცადათ. ურთიერთობთ ახალგაზრდა სპორტსმენებთან? უზიარებთ მათ გამოცდილებას?
— საერთო შეკრებებზე კი ვესაუბრები ხოლმე, მაგრამ სპორტსმენმა, უპირველესად, საკუთარ თავში უნდა მოძებნოს ძალა და პასუხი გასცეს კითხვას: რა უნდა თავად, რამდენად ძლიერის ეს სურვილი და რის გასაკეთებლად არის მზად, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.
სპორტსმენისთვის ბევრად მეტის თქმა მწვრთნელს შეუძლია — მწვრთნელს, რომელიც ყოველდღე ხედავს სპორტსმენს ვარჯიშზე და ბევრად უკეთ იცნობს საკუთარ აღსაზრდელებს.
მე, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევ რაღაც–რაღაც ნიუანსებს, მივუთითებ, ველაპარაკები, მაგრამ ეს სპორტსმენისთვის საკვანძო რჩევებად ვერ გამოდგება… თუმცა, შესაძლოა ვიღაცისთვის გამოდგეს კიდეც.
ასეთ შემთხვევაში ჩემი რჩევები იმას ჰგავს, ფეხბურთს რომ უყურებენ, ყველამ ყველაფერი რომ იცის და კარნახში რომ მაგარია. პოლიტიკაშიც ასეა — ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავინ არაფერი არ იცის.
სპორტსმენმა თავად უნდა გასცეს საკუთარ შეკითხვებს პასუხები: „მე ყველაზე ძლიერი ვარ; მინდა, პირველი უნდა გავხდე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. სპორტსმენს, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ვერანაირი რჩევა ვერაფერს უშველის. ჩვენ, ბუნებრივია, გვინდა, რომ უკეთესად გამოვიდეთ, უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ და თითქოს რჩევებით თავებს რაღაცნაირად ვიმშვიდებთ… და მაინც, სპორტსმენები თავად წყვეტენ საკუთარ ბედს.
- ერთ–ერთ ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ, რომ 30–35 ლიცენზიის მოპოვებას გეგმავდით. ჯერ ძალიან ადრეა და არაფერს გკითხავთ მედლების პერსპექტივაზე. თუმცა, თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ძირითადი დაწოლა იქნება ძიუდოზე, ჭიდაობაზე, ძალოსნობაზე. რატომაა, რომ საქართველოში ძირითადსპორტის ეს სამი სახეობა ვითარდება? თუ არ ვითარდება, სტაბილურად მაღალ დონეზე მაინც დგას, ხოლო სხვა სახეობებში წინსვლა არ შეინიშნება.
— ეს საქართველოსთვის ტრადიციული სახეობაა. ჩვენი პირველი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები სწორედ მოჭიდავეები იყვნენ — ჯერ კიდევ საბჭოეთისას. ასე რომ, ჩვენ მართლა დიდი ტრადიციები გვაქვს. ამას გარდა, ჩვენ ქართული ეროვნული ჭიდაობაც გვაქვს, საიდანაც ძალიან ბევრი სპორტსმენი წავიდა თავისუფალ ჭიდაობაშიც, ბერძნულ–რომაულშიცდა ძიუდოშიც. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ამ ყველაფრის შენარჩუნება და განვითარება შევძელით. თუმცა ეს სახეობები ყველა ინდივიდუალურია, აი გუნდურ სახეობებში უფრო რთულადაა საქმე.
ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გუნდის შეკრება სპორტის რომელიმე სახეობაში იოლი არ არის. საბჭოთა კავშირის დროს ყველა თანაბარ პირობებში ვიყავით და არც ფინანსური პრობლემები არ გვქონდა. თანაც თანაბარი ძალის მოწინააღმდეგეებთან უწევდათ შეხვედრები [საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში]. დონის შესაფერისი რომ იყო, ერთი დონის ხუთი–ექვსი გუნდი მაინც უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, მაგრამ ძალიან რთულია.
ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვების მეტი შანსი გვაქვს, იმიტომ რომ იქ ცალკეული პიროვნებები არიან. ავიღოთ, მაგალითად, ლაშა შავდათუაშვილი. არავინ ელოდებოდა, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა (ლონდონი 2012, ძიუდო. — რედ.). ასეთი მომენტები ძალიან ბევრი გვაქვს.
- როგორ ნაწილდება ფინანსები სპორტის სახეობებზე ოლიმპიური კომიტეტის ბიუჯეტიდან? ზემოხსენებული სახეობები დიდ დოტაციას იღებენ?
— ჩვენ გრადაციები არ გვაქვს და არ ვყოფთ სახეობებს უფრო წარმატებულ და ნაკლებად წარმატებულ სახეობებად. ჩვენთვის მთავარია ლიცენზიების მიღება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს მხატვრული ტანვარჯიში იქნება, ბატუტზე ხტომა თუ რამე სხვა. ყველას ვუწევთ აუცილებელ დახმარებას.
- ეს ფინანსური დახმარება ლიცენზიის მიღებამდე გაიცემა თუ შემდეგ?
— ლიცენზიის მიღებამდე. ჩვენ ყველას ვაფინანსებთ, გამონაკლისების გარეშე, მაგრამ, რა თქმა უნდა, აქცენტი იმ სპორტსმენებზე კეთდება, რომლებსაც ბრაზილიის საგზურის მოპოვება შეუძლიათ. ბოლომდე მივდივართ. და ამ თვალსაზრისით ძიუდოს, ჭიდაობასა თუ ძალოსნობას განსაკუთრებულ ადგილზე არ ვაყენებთ. აი, მაგალითად, ახლა ჩოგბურთს ვაფინანსებთ. გვაქვს შანსი — მართალია, მცირე, მაგრამ მაინც — რომ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე მოხვდება. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. თუ გამოგვივა, ზალიან კარგი იქნება. ის ახლა 117–118–ეა მსოფლიო რეიტინგში, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ მდგომარეობას გაიუმჯობესებს.
- მოჭიდავეების დოპინგის სკანდალი რაიმე გავლენას მოახდენს ნაკრებზე?
— დოპინგზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები „ჩაცვივდნენ“. ჩვენს ოთხ სპორტსმენს აქვს ოლიმპიადის ლიცენზია და ამ სიაში არცერთი მათგანი არ არის — ოთხივე „სუფთაა“. ახლა კიდევ ორი ლიცენზია გვინდა თავისუფალ ჭიდაობაში.
- აკრძალული პრეპარატების მიმღებებს „ბინძური სპორტსმენები“ უწოდეთ. თუ ასეთები თქვენი თანამემამულეები იქნებიან, მათ მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება გექნებათ?
— კი, ძალიან უარყოფითი. აი, წარმოიდგინეთ, ვთქვათ, რიოში კარგი შედეგები ვაჩვენეთ და უცბად ვიღაც დოპინგზე გამოიჭირეს და ეს ვიღაც ქართველი. ეს ჩვენთვის კრახი იქნება. (მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი) თომას ბახი ყველა კონფერენციაზე, ყველა ასამბლეაზე ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია დოპინგთან ბრძოლა.
ჩვენ გამუდმებით ვიბრძვით, რომ ჩვენმა ათლეტებმა დოპინგი არ მიიღონ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ისინი. დოპინგზე „ჩავარდნილ“ ექვსივე სპორტსმენს შეიძლება, რომ „ბინძური სპორტსმენები“ ვუწოდოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი სპორტსმენი, რომელიც აკრძალულ პრეპარატს იყენებს, ფაქტობრივად, ტყუილით, სიცრუით იმარჯვებს. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამისა და არაფრით არ მივიღებ ისეთ მიდგომას, რომ ვიღაც ერთხელ შეცდა. ასე არ შეიძლება.
უნდა ითქვას, რომ სპორტსმენებმა ხშირად არც იციან, როგორ მოხვდა მათ სისხლში დოპინგი. ეს სრულიად შემთხვევითაც შეიძლება მოხდეს. და მაინც, ეს მათ ვერ ამართლებს.
ღმერთმა არ ქნას, რომ რაიმე მსგავსი ოლიმპიადაზე მოხდეს, თორემ პირველ რიფში სახელმწიფო დაზარალდება, იმიტომ რომ ქვეყანაზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება შეიქმნება.
- გაიხსნება თუ არა ოლიმპიადაზე „ქართული სახლი?“
— ძალიან გვინდა, რომ „ქართული სახლი“ გაიხსნა. მანამდე ყველა ოლიმპიადაზე იყო ხოლმე ასეთი სახლი და ხალხს ქართულ კულტურას, წარმოებას, ზოგადად, ქართული ცხოვრების წესს ვაცნობდით. მაგრამ ამჯერად არ გამოგვივა. ბრაზილია ძალიან შორსაა და თანაც ამ ქვეყანასთან საქართველოს არანაირი სავაჭრო ურთიერთობა არ აქვს. ამიტომ ბიზნესმენებისთვის ეს არც ისე მომგებიანი იქნება.
აი, ღვინოები ახსენეთ. წარმოიდგინეთ, რა მოუვა ან ღვინოს და ან სხვა პროდუქტს, ბრაზილიაში რომ წავიღოთ. ეს ქვეყანა იმდენად შორსაა, რომ ყველაფერი გზაში გაფუჭდება. ასე რომ, წელს „ქართული სახლის“ გახსნა, არა მგონია, რომ გამოვიდეს.
- სახელგანთქმული სპორტსმენი იყავით, ახლა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ხართ. სად უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს — ხალიჩასა და კვარცხლბეკზე თუ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სავარძელში?
— ყველაფერს თავისი უპირატესობა და სიამოვნება აქვს. ახალგაზრდობაში სავარძელში ჯდომა ძალიანაც არ მინდოდა, ან ვინ ჩამსვამდა (იცინის). ახალგაზრდა კაცი უნდა ისწრაფოდეს, რომ თავი გამოიჩინოს და ეს სპორტია. ეს ენერგიაა, ემოციები, მღელვარება… ყველაფერი ერთად. საერთაშორისო ტურნირებზე გამოდის, საზღვარგარეთ მიდის, თავის შესაძლებლობებს აჩვენებს — რა შეიძლება ამაზე უკეთესი იყოს ახალგაზრდისთვის?! და ამ ყველაფერს იძლევა სპორტი. იმარჯვებ, საკუთარ ქვეყანას წარმოაჩენ და ამით მსოფლიოს აცნობ მას. ამის გაკეთება სხვა სფეროებშიც შეიძლება, თუმცა უფრო რთულად. სპორტი ამისთვის ყველაზე შესაფერისი სფეროა.
თუმცა სავარძელში ჯდომაც არ არის ცუდი. როცა სპორტში ყველაფერს ამთავრებ, ცდილობ, რომ ყველა ემოცია, სპორტის მიმართ მთელი სიყვარული აქ გადმოიტანო — გამუდმებით ფიქრობ იმაზე, რომ იყოს უკეთესი შედეგები, რომ სპორტსმენები უკეთესად გამოვიდნენ, კარგი მაჩვენებლები ჰქონდეთ.
ოლიმპიურ მუზეუმში, რომელიც კომიტეტის შენობაშია განთავსებული, ნინო სალუქვაძის პნევმატური პისტოლეტი ინახება, რომლითაც სეულის ოლიმპიადაზე ოქრო „მოინადირა“, გიორგი ასანიძის ათენის ოლიმპიადის „ტრიკოც“ გვაქვს და ლეგენდარული კობა წაქაძის თხილამურებიც, რომლებითაც ოთხ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. კიდევ ბევრი სხვა ქართველი სპორტსმენის ატრიბუტი და ეკიპირება გვაქვს, რომლებიც ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ ან პრიზიორები გამხდარან. იმედი მაქვს, რომ რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ მუზეუმს ახალი ექსპონატებით შევავსებთ.