ალექსანდრე ქანთარია: ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი არ უნდა გასცდეს მორალურ ჩარჩოებს

ალექსანდრე ქანთარია
ალექსანდრე ქანთარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია მომხრეა, რომ კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ განმარტება ჩაიწეროს. ქანთარია sputnik-თან ინტერვიუში იმედოვნებს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი მოახერხებს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას.

ალექსანდრე ქანთარია: არ მგონია კოალიციაში საკონსტიტუციო ცვლილებაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ეს თემა დიდი ხანია  აქციეს პრობლემად.  ზოგი ამ თემით სპეკულირებს. ზოგი შანტაჟსაც ცდილობს.

საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს სერიოზული შიშები თავისი შთამომავლობის მომავლის მიმართ. ასე რომ, ყველაფერს რომ დაესვას წერტილი, ძალიან წყნარად და მშვიდად გვინდა, რომ ეს ცვლილება შევიტანოთ. 

- თუმცა კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტია აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერს.

— დიახ ერთი პარტია, რომელიც ამას გაემიჯნა და მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური შეცდომაა არის რესპუბლიკური პარტია. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი ნაბიჯი მორალური ჩარჩოს შედეგია. პირადად მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი არ უნდა გასცდეს მორალურ ჩარჩოებს. სწორედ მაშინ არის სამართლიანი პოლიტიკა, როდესაც არ სცდება მორალურ ჩარჩოებს. 

კი ბატონო თუ ასე მიაჩნიათ, მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ისინიც ამბობენ, რომ ნებისმიერ მათ წევრს შეუძლია ხელი მოაწეროს ცვლილებაზე თანხმობას. ეს ასეც მოხდა. რამდენიმემ მოაწერა კიდეც უკვე ხელი. 

მგონია, რომ ყველაფერ ამის გათვალისწინებით ძალიან წყნარად მივალთ პლენარულ სხდომამდე. აი იქ რა მოხდება, ესაა გასარკვევი. თუკი იქ ვინმე არ დაუჭერს მხარს ინიციატივას, თავად გასცენ საზოგადოებას პასუხი. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ პროცესი დადებითად და შედეგიანად დასრულდება. 

- რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია მოთხოვნით „მეტი ქალი პარლამენტში“. ემხრობით თუ არა ამ ინიციატივას და რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება?

— ყველა პარტიამ და ბლოკმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს ეს მოთხოვნა. საკმაოდ ბევრი ქალბატონი გვყავს ცოდნით აღჭურვილი და მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ისინი პოლიტიკაში. თუმცა, კანონის დონეზე ძალადობა ზედმეტად მიმაჩნია. 

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0