თბილისი, 11 მარტი — Sputnik. „გთხოვთ, გააუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან“ — ასე მიმართეს ქართველმა გლეხებმა თელავის ცენტრში გამართულ აქციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
გლეხები „ბატონის ციხესთან“ შეიკრიბნენ პლაკატებით, რომელზეც მართლმადიდებლური ეკლესიების ფონზე საქართველოსა და რუსეთის მეგობრული ხელის ჩამორთმევაა გამოსახული. მეორე პლაკატზე თვითონ რუსეთის პრეზიდენტის, როგორც ქართველი გლეხების მთავარი ადრესატის ფოტო იყო გამოსახული.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს მთავრობისადმი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ხოლო რუსეთის ხელისუფლებისადმი — საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება იყო. გარდა ამისა, ერთ-ერთ ტრანსპარანტზე ეწერა „გაუხსენით რუსული ბაზარი ქართველ ხალხს“. როგორც გლეხებმა განმარტეს, სავიზო შეზღუდვების გამო მათ რუსეთში თავისი პროდუქციის პირდაპირ იმპორტირება უჭირთ.
„ჩვენს პროდუქციას ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელები და სომხები ყიდულობენ და რუსულ ბაზარზე გააქვთ, სარგებელს იღებენ. ჩვენ ამის გაკეთება — საკუთარი პროდუქციის რუსულ ბაზარზე გაყიდვა არ შეგვიძლია… სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდეს, რომ საქართველოში მცხოვრები თავისუფლად წავიდეს რუსეთში, მოძებნოს ინვესტორები და მოიზიდოს ბიზნესმენები“, — განუცხადა Sputnik-ს აქციის მონაწილე ვაჟა ლომიძემ.
აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობის ასოციაცია“ და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანი“.
„ქართველ ხალხს, გლეხობას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა. ადამიანები ამას მოითხოვენ ჩვენი მთავრობისგან, მაგრამ ასევე არის თხოვნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, რომ გააუქმოს სავიზო რეჟიმი. მთელ ქართველ ხალხს უნდა რუსეთთან მეგობრობა, მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, და ამისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება აუცილებელია“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საქართველოს ევრაზიული არჩევანი“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ.
ორგანიზატორები მსგავსი აქციების ჩატარებას საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც გეგმავენ.
ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების იმედი გაჩნდა. გასული წლის დეკემბერში პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა.
ამჟამად რუსეთში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საქმიანი, სამუშაო, სასწავლო, ჰუმანიტარული და კერძო ვიზებისთვის მასპინძელი მხრის ნათესაობის ხარისხზე აღარ არის დამოკიდებული. თუმცა ასეთი რეგულაცია ტურისტული ვიზის გაცემას არ ითვალისწინებს.
გამარტივებული სავიზო რეჟიმის დეტალებსა და პერსპექტივებს 16 მარტს პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრაზე განიხილავენ.
„ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებს სავიზო რეჟიმი, არის თუ არა პრობლემები ჩვენი მხრიდან და ამ მიმართულებით რაიმე უნდა მოვიმოქმედოთ თუ არა. სავიზო რეჟიმი ნამდვილად არსებითად გამარტივდა და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ წელს ის საერთოდ გაუქმდეს“, — განაცხადა აბაშიძემ.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.