თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს IV გლობალური ფორუმზე „მულტიპოლარული სამყაროს მიმართულებით“ გამოსვლისას საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელობა აღნიშნა.
ორდღიან ფორუმზე, რომელიც ბაქოში ხუთშაბათს დაიწყო, საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხებს განიხილავენ. ღონისძიების ორგანიზატორია ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრი.
„საქართველო უზრუნველყოფს 8 ქვეყნისათვის ზღვაზე გასასვლელს, საქართველოს პორტების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება სწორედ ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის შექმნაა. ბათუმის, ფოთისა და ყულევის პორტები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი უახლოეს მომავალში ევროპასა და აზიას შორის თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობებს გაზრდის. ეს კი, ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებას”, — განაცხადა მარგველაშვილმა, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობა, რომელმაც ჩინეთი ევროპის ქვეყნებს უნდა დაუკავშიროს, ასევე აზიისა და აფრიკის თანამშრომლობა განამტკიცოს. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მეტ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ახალ პერსპექტივებს თითოეული ჩვენგანისთვის… ეს ხელს შეუწყობს ბიზნესკონტაქტების დამყარებას და ინვესტიციების წახალისებას. ეს ხელშეკრულება საქართველოს ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობას აძლევს”, — განაცხადა საქართველოს მეთაურმა.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან.