ნანა კაკაბაძე: დღევანდელი კანონმდებლობით, ბავშვზე ზრუნვა გარანტირებულია

© photo: courtesy of T. Chochuaნანა კაკაბაძე
ნანა კაკაბაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, კანონპროექტს შემოაქვს ცნება „მიუსაფარი ბავშვი“, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი ბავშვიც დაიცვას.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგია და „sputnik“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი რეგულაცია „ღირსების შემლახავია არა მარტო იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შეიძლება ეს შეეხოთ, არამედ მთელი საზოგადოებისთვის“.

ნანა კაკაბაძე: ვფიქრობ, რომ ის დასავლური მიდგომა, რომელიც დღეს არსებობს ამ მიმართულებით, ვერ იქნება კალკირებული საქართველოს რეალობასთან. ჩვენ აბსოლუტურად სხვა კულტურის და განვითარების ქვეყანა ვართ და ასეთი პირდაპირი კალკირება ყოველთვის უარყოფით ასახვას ჰპოვებს ხოლმე. ეს არის ის კანონპროექტი, რომელსაც აუცილებლად შევეწინააღმდეგები. კანონპროექტი არ არის დამუშავებული, არ არის შესწავლილი და არ აქვს გავლილი საჯარო სივრცე. არავინ იცის, რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი. 

დღეს ბავშვთა უფლებები დაცულია. სხვა კანონები სრულად აკმაყოფილებენ ამ უფლებებს და თუ მშობელი ბავშვთან მიმართებაში რამეს არღვევს, ბავშვზე ზრუნვა დღევანდელი კანონმდებლობით გარანტირებულია. თუ რაიმეს დამატება ამ მიმართულებით საჭიროა, ამის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ ამ კანონპროექტის მიღება, რომელიც დღეს გამოჩნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. იუსტიციის სამინისტრომ ამაზე სერიოზულად უნდა იფიქროს და უარი თქვას მანამ, სანამ არ მოხდება საჯარო განხილვა და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით არ გაირკვევა მისი ბედი. 

– ფიქრობთ, რომ კანონპროექტის დღევანდელი სახე მშობლებისა და ბავშვების უფლებებს არღვევს?

— აუცილებლად. ეს ასევე ღირსების შემლახავია არა მარტო იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შეიძლება ეს შეეხოთ, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ეს არის ის რეალობა, რომელ რეალობაშიც საქართველოს არასდროს უცხოვრია. ასეთი პრობლემა საქართველოში არასდროს დამდგარა და, იმედი მაქვს, არც არასდროს დადგება. თავისთავად ასეთი კანონის არსებობა შექმნის ასეთ პრეცედენტებსაც, ასეთ ოჯახებსაც გააჩენს და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არა თუ თავის დაზღვევა, არამედ ამ საკითხის პროვოცირებაა. 

– უნდა გამკაცრდეს თუ არა კანონი ცილისწამების შესახებ?

— ცილისწამება დღეს სამოქალაქო კოდექსით დასჯადია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს არის მსუბუქი მიდგომა. დღეს ყველას ყველაფრის ლაპარაკი შეუძლია და ამაზე პასუხს არავინ აგებს. სამოქალაქო კოდექსითვე შეიძლება 30-დღიანი პატიმრობის გამოყენება და საწყისი ეტაპისთვის ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ცილისმწამებელმა უნდა იცოდეს, რომ ის პასუხს აგებს თავისუფლების აღკვეთითაც. ასე რომ, გამკაცრება აუცილებელია. 

– როგორ იმოქმედებს აღნიშნული რეგულაციები მედიასივრცეზე?

— უხამსობის ტირაჟირება ყველასთვის დასჯადი უნდა იყოს, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში უხამსობა დასჯადი უნდა იყოს. ცილისწამება და უხამსობა ეს ის საკითხია, რაც მედიამაც უნდა გაითვალისწინოს, კერძო პირმაც უნდა გაითვალისწინოს. ეს არის ის მორალური კატეგორია, რომლის გადალახვის შემთხვევაში ყველამ პასუხი უნდა აგოს.

თენგიზ ჩოჩუა
ყველა ახალი ამბავი
0