– „მრეწველები“ მზად არიან, პარლამენტში მოსახვედრად დამოუკიდებლად იბრძოლონ. პარტიის ლიდერი ზურაბ ტყემალაძე გამოდის ინიციატივით, ყველა პარტიამ ცალ-ცალკე იყაროს კენჭი და შემდეგ პარლამენტში შექმნან კოალიცია იმ პარტიებმა, ვინც გადალახავს ბარიერს. გამართლებულად მიგაჩნიათ მმართველი კოალიციის დაშლა?
— 2016 წელს არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კოალიციურ რეჟიმში წარდგება, თუმცა ქართულ პოლიტიკაში არაფერს არ გამოვრიცხავ… კოალიციის ერთიანობის საკითხზე ჩემი პროგნოზი თანმხვედრია ჩემ სურვილთან. ჩვენ 2012 წელს გამარჯვებას მივაღწიეთ ერთად. ყველა აღიარებს, რომ კოალიციაში ძირითადი ძალა არის პარტია „ქართული ოცნება“, დანარჩენ პარტიებსაც თავისი წილი დამსახურება აქვთ, მაგრამ ერთობა არ უნდა იყოს ხელოვნური კონგლომერატი; ის უნდა იყოს თანმხვედრი აზრობრივად, იდეოლოგიურად, სტრუქტურულად, ასევე საზოგადოების წინაშე უნდა წარდგეს ერთიანი საარჩევნო პროგრამით და პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს ერთიანი. თუმცა „ქართული ოცნებას“ არ აქვს პრობლემა, თუ ის ცალკე იყრის კენჭს არჩევნებში.
– პარლამენტი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე იწყებს მუშაობას. რამდენად მოახერხებთ ამ ცვლილების განხორციელებას და ხმათა საჭირო რაოდენობის შეგროვებას იმ ფონზე, როცა თქვენივე კოალიციის წევრი რესპუბლიკური პარტია საკონსტიტუციო ცვლილების მომხრე არაა?
— ვერ ვიტყვოდი, რომ რესპუბლიკურ პარტიას შინაარსობრივად აქვს განსხვავებული აზრი, თუმცა სტრატეგიულად ისინი სხვაგვარად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქორწინების შესახებ ჩანაწერი უკვე არსებობს სამოქალაქო კოდექსში. ჩვენ ვიცავთ უმცირესობის უფლებებს, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, და თუ ვიცავთ უმცირესობების უფლებებს, აქვე უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრიც. ბოლო პერიოდში მუდმივად მუსირებს აზრი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვაზე, რამაც საზოგადოებაში გარკვეულწილად გააჩინა შიშის მომენტი, რომ დადგება დრო ქვეყანაში, როცა დაკანონდება ერთსქესიანთა ქორწინება. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ჩვენ ვიცავთ საკანონმდებლო დონეზე უმცირესობების უფლებებს, ასევე უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი, მოვხსნათ შიშის ეფექტი, მოვახდინოთ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის უფრო მაღალი ლეგიტიმაცია და კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ვფიქრობ, ეს არ იქნება პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩანაწერის გაკეთებას სჭირდება უმრავლესობის ხმები.
– „ქალთა მოძრაობამ" და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 8 მარტს გამართულ აქციაზე მოითხოვეს, რომ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს კვოტების კანონპროექტს საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირებაზე, რომელიც პარლამენტში ქალების 25% წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. უნდა მიიღოს თუ არა პარლამენტმა გენდერული ნიშნით საარჩევნო სიების კვოტირების კანონი?
— ქალები უნდა იყვნენ წარმოდგენილი არა მარტო საკანონმდებლო ორგანოში, ცენტრალურ და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე თვითმმართველობის დონეზეც, მაგრამ ისეთი მკაცრი განსაზღვრა, რომ ეს იყო 30 ან 50%, ვფიქრობ, არასწორია. ვინაიდან მიმაჩნია, რომ სქესის მიხედვით არ უნდა განისაზღვრებოდეს, ვინ უნდა იყოს პარლამენტსა თუ მინისტრთა კაბინეტში. ეს საკითხი უნდა იყოს განსაზღვრული სხვა შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს კონკრეტულ უწყებას კონკრეტული პირის თანამდებობაზე დანიშვნამ. ქალებს უნდა მივცეთ გზა მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ ეს რომ რაოდენობრივი გადანაწილებით მოხდეს, არ მგონია, სწორი მიდგომა იყოს.