— გუშინ კიდევ ერთხელ გადაიდო ჩვენი საქმის განხილვა. მინდა აღვნიშნო, რომ ბრალდებულ მიქაძის ადვოკატმა კობა კობახიძემ იცრუა და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო. ეს არის ტყუილი. სასამართლო პროცესები იდება მოსამართლის ნებით. უკვე მესამე წელია ჩვენი საქმის განხილვაა დაწყებული და ბრალდებულები უკვე სამი წელია გირაოთი არიან გამოშვებულნი და უსასრულოდ გრძელდება ეს პროცესი. ბევრნი არიან ძალიან და მიზეზები ყოველთვის აქვთ. ხან ერთი ადვოკატი ჰყავთ ავად, ხან მეორე, ხან კი თავად არიან ავად. მოსამართლე კი მათ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია. სპეციალურად წელავენ დროს.
- რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?
— ვფიქრობ, რომ პროცესების გაგრძელება სურთ არჩევნებამდე და ასეც მოიქცევიან. მათ, ფირცხალავას და ე.წ. ყოფილ კრიმინალურ ხელისუფლებას კიდევ აქვთ დიდი იმედი, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. არ ვიცი რას ემყარება მათი ასეთი მოლოდინები, ალბათ რაღაც პროვოკაციები აქვთ დაგეგმილი. მინდა ვთქვა, რომ ეს არ მოხდება, ამას არ დავუშვებთ.
მოსამართლე არის მიკერძოებული. მე უკვე დავკარგე მის მიმართ ნდობა.
- აპირებთ თუ არა მოსამართლის აცილებას?
— ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი და ეს დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. უბრალოდ, ახალ მოსამართლეს კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ საქმის მასალებს კარგად გაეცნოს. ეს მიზეზი მაბრკოლებს. ნეტავ დროულად ამეცილებინა, ახლა ასე აღარ ვიქნებოდით. მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა მისი, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ასე აღარ არის.
- ხელისუფლების მიმართ თუ გაქვთ პრეტენზიები ამ მიმართულებით?
— დღევანდელ ვითარებას „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდს ნამდვილად ვერ შევადარებ. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი რამ კეთდება. თუმცა, ის ფაქტი, რომ სამართლიანობა არ აღდგა, ძალიან სამწუხაროა. პირველ რიგში დღევანდელი ხელისუფლება ხალხს ამას ჰპირდებოდა და მოსახლეობაც ქუჩებში ამის გამო გამოდიოდა.
ძალიან შეშფოთებული ვარ, რომ სასამართლო სისტემა ისევ ისეთ დღეშია, როგორც აქამდე იყო. არც ერთ მოსამართლეს პასუხი არ უგია იმ დანაშაულებზე, რომლებმაც დაღუპა და გაანადგურა ასი ათასობით ადამიანი. რომელ პასუხისგებაზეა ლაპააკი, პირიქით აწინაურებენ კიდეც. სახეზე გვაქვს მურუსიძის მაგალითი.
ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია, რომ მეგონა ნინო გვენეტაძე მოახერხებდა სასამართლო სისტემის შეცვლას. თუმცა, როგორც ჩანს, ქალბატონ ნინოს ისეთი ვითარება დახვდა, რომ ეს ვერ შეძლო. ეტყობა ის მარტოა ამ ყველაფრის წინაშე.
საუბრობენ სასამართლო რეფორმებზე. დიახ, რეფორმები დაწყებულია, მაგრამ ეს არის ძალიან მცირედი და რეალურ შედეგს არ იძლევა.
თენგიზ ჩოჩუა