— „თავისუფალ დემოკრატებს“ დადებითი დამოკიდებულება გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ქორწინებას ეხება. მიგვაჩნია, რომ წარმოქმნილ ინსინუაციებს ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით წერტილი საბოლოოდ უნდა დაესვას და გაჩნდეს ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში. ასე მოხდა ხორვატიაში და ევროკავშირის კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანაში. ვფიქრობ, ერთსქესიანთა ქორწინება არის თითიდან გამოწოვილი თემა, სპეციალურად შემოგდებული დაინტერესებული ჯგუფის მიერ, რომ როგორმე დაანახონ ქართულ საზოგადოებას, თითქოს ევროპაში გარყვნილი ცხოვრებაა. ეს ჯგუფები ცდილობენგააშავონ ჩვენი ევროპული არჩევანი და როგორმე გააუკუღმართონ ევროპული ფასეულობები. ზემოთ ვახსენე ხორვატია, ამ ქვეყანამ დააყენა სარეფერენდუმო საკითხი 4-5 წლის წინ, გააკეთა ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რითაც დაასრულა თემით სპეკულირება.
-საქართველოს შემთხვევაში რამდენად იოლი იქნება ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში? საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა შეგროვდება? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ ქორწინების შესახებ ჩანაწერთან დადებითი პოზცია არ გააჩნია…
— „რესპუბლიკური პარტიით“ არც იწყება და არც მთავრდება ქართული პოლიტიკა. ღმერთმა დაგვიფაროს… ისინი მხოლოდ 10-ნი არიან. დანარჩენი 140 დეპუტატი რას იზამს, ეს არც უსუფაშვილი და არც ძმები ბერძენიშვილების გადასაწყვეტი არაა. მათ მიხედონ თავის პარტიას, გადაწყვიტონ პარტიის შიგნით რაც უნდათ, დანარჩენ საქართველოს კი თავი დაანებონ. თუ რესპუბლიკელები არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, შევუერთდებით ჩვენ — „თავისუფალი დემოკრატები“. ამით შევავსებთ იმ 76-კაციან მხარდამჭერთა სიას. შემდეგ უკვე ბურთი ნაციონალური მოძრაობის მხარეს იქნება. არ მგონია, ვინმე წავიდეს ამ ინიციატივის წინააღმდეგ, არა იმიტომ რომ ახლა საარჩევნო წელია, არა იმიტომ რომ ეს შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციის საგნად გამოდგეს, არა, ნამდვილად! უბრალოდ, ის რაც ახლა არის დაწყებული და ინიცირეულია მმართველი ძალის მიერ, ლოგიკას შეესაბამება და უნდა დასრულდეს ერთხელ და საბოლოოდ სპეკულაცია ერთსქესიანთა ქორწინებით. არცერთი ჯგუფის წარმომადგენელს შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მაგრამ ვფიქრობ, ამგვარი ჩანაწერი უნდა არსებობდეს.
-რამდენად მოესწრება არჩევნებამდე ამ ცვლილების განხილვა?
— ეს სამართლებრივი პრობლემაა, ამ ცვლილების განხილვა ახლა ვერ მოესწრება. იცით, რომ კონტიტუციურ ცვლილებას სჭირდება სულ მცირე 2 სესია. ჩვენ 2 სესია აღარ გვაქვს, ეს ბოლო სესიაა მე-8 მოწვევის პარლამენტისა. ვამთავრებთ მუშაობას 25 ივნისს. ასე რომ, არ ვიცი რამდენად მოესწრება. ინიციატივის განხილვას სჭირდება ერთი თვე, ერთი მოსმენით შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ და მეორე სესია უკვე აღარ გვაქვს. თუ რიგგარეშე სესიაზე ვუყრით კენჭს, ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, არ ეცლება არჩევნებში ჩართულ საქართველოს რიგგარეშე სესიისთვის. შესაძლოა, მივიღოთ ამ მომწვევის პარლამენტმა პირველი მოსმენით, შემდეგ უკვე მეცხრე მოწვევის პარლამენტმა დაასრულოს ამაზე მუშაობა. ამ წლის ბოლოს ვვარაუდობ, რომ ეს ცვლილება შევა ძალაში.
-არასაპარლამენტო ოპოზიცია აპირებს საარჩევნოდ გაერთიანებას და არჩევნებში კოაიციური ძალებით ჩართვას? რას იტყვით მათ შანსებზე და ზოგადად, მათ იდეაზე გაერთიანების შესახებ?
— უმადური საქმე იქნება მათ შანსებზე საუბარი ჩემი მხრიდან. ძალიან ჭრელია პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიების კონფიგურაცია. რამდენად აქვთ მათ შანსები გადალახონ 5 %-იანი ბარიერი, ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს რთული საქმეა. ვერ შევაფასებ სხვა პარტიების რესურსებს, მაგრამ თუ ვინმე გაერთიანდება, ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან მარტო მათი გასვლა ამ არჩევნებში დიდი მარცხით დასრულდება. არავიზე ვსაუბრობ ნიშნის მოგებით, რეალისტები უნდა ვიყოთ და რეალურად უნდა შევხედოთ საქართველოში დღეს არსებულ რეალობას
-თქვენი პარტიის გეგმები როგორია საარჩევნოდ?
— „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნებზე მარტო გავდივართ. ძალიან კარგ შედეგსაც დავდებთ და ამას ყველა იხილავს. წარმატებისთვის მუშაობს ათასობით ადამიანი. დიდუბის საგამოფენო ცენტრში ჩვენი ბოლო შეკრება ამის ნათელი დადასტურებაა…
თენგიზ ჩოჩუა