თბილისი, 9 მარტი — Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცხრა გოგონამ ფოტოგრაფ გიორგი ცაავას პროექტ „ცხრაში“ მიიღო მონაწილეობა, მთელი დღის განმავლობაში ისინი მოდელების ამპლუაში წარდგებოდნენ დამთვალიერებლების წინაშე.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა თბილისში სამშაბათს გაიმართა.
„გამოფენა იმ ქალებისადმი იყო მიძღვნილი, რომლებიც სავარძლებს არიან მიჯაჭვულნი. მე უბრალოდ მათთვის ერთი ჩვეულებრივი დღის გალამაზება მსურდა. ვფიქრობ, ეს გოგონები მოდის სფეროსთან ახლოს უნდა იყვნენ, სხვადასხვა ფოტოსესიებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგანაც ისინი კარგად პოზირებენ ობიექტივის წინ“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ცაავამ.
როგორც ფოტოგრაფმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც თავიდან ჩანდა. პროექტის ავტორს ცხრა გოგონას გადასაღებად ორი თვე დასჭირდა.
„გადაღებების პროცესში ბევრი ისეთი სირთულე შეგვხვდა, რომლის არიდებაც შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისადმი უფრო კარგად რომ იყოს ადაპტორებული“, — განმარტა გიორგი ცაავამ.
ფოტოგრაფის განცხადებით, ის მომავალში სხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების თემას შეეხება.