თბილისი, 9 მარტი — Sputnik. კრწანისში განთავსებული ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი მაისში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების პირველ კონტინგენტს მიიღებს, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ამის თაობაზე თავდაცვის მინისტრის ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„წვრთნებისა და შეფასებისთვის ცენტრი მაისში პირველ კონტინგენტს მიიღებს. დღეს ამ შეხვედრის აუცილებლობა სწორედ ამ მიზეზით იყო გამოწვეული. ელჩებთან გავიარეთ ყველა ის საბოლოო დეტალი, რომელიც ამ პროექტის ბოლო კონდიციამდე მიიყვანს და პირველი სწავლების დაწყებისთვისაა საჭირო“, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ: ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გასული წლის აგვისტოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობ ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში გაიხსნა, რაც ალიანსის უელსის 2014 წლის სექტემბრის სამიტზე დამტკიცდა. ცენტრში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების გაივლიან მომზადებას.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოსა და ნატოს ურთიერთთანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო მომავალში ნატოს წევრი გახდება