თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების სპეციალისტები საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვლენ, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში საფრანგეთის ელჩ პასკალ მონიესთან (Pascal Meunier) შეხვედრის შემდეგ.
ფრანგი სპეციალისტების ამოცანა ქართველი სამხედროებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან მუშაობის სწავლებაა.
„საჰაერო თავდაცვისუნარიანობის კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთთან მოქმედი ხელშეკრულებები აქვს და ამ მიმართულებით ბევრი პროგრამა იგეგმება. ამჟამად საფრანგეთმა გამოხატა მზადყოფნა, იყოს მთავარი საყრდენი ქვეყანა საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გამყარების კუთხით — ნატოს პაკეტის ფარგლებში”, — ხიდაშელის სიტყვებს ციტირებს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2015 წელს ფრანგულ მხარესთან ხელი მოაწერა ორ შეთანხმებას საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შესახებ. დოკუმენტს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველომ მიიღო ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.