თბილისი, 9 მარტი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ფერმწერის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების თბილისის მუზეუმში 9 მარტს გაიხსნება, აცნობა Sputnik–ს გამოფენის კურატორმა ბაია წიქორიძემ.
სტუმრებს საქართველოსა და უცხოეთის კერძო კოლექციებში დაცული აბრამიშვილის მიერ 1985–2006 წლებში შექმნილი ორასამდე ტილოს ნახვის შესაძლებლობა 3 აპრილამდე ექნებათ. გარდა ამისა, სტუმრები იხილავენ ფოტო და საარქივო მასალებს.
ასევე გაიმართება აბრამიშვილის სახელობის ფონდ „ბიზონისა“ და მხატვრის ნამუშევრების მესამე ალბომ–კატალოგის პრეზენტაცია.
ზურაბ წერეთლის მუზეუმში ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პროდუქცია, რომლებიც მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების მოტივებზეა შექმნილი. პროექტს გალერეა „ბაია“ წარმოადგენს თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით.
მერაბ აბრამიშვილი (1957–2006) თანამედროვე ქართული ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელია. მისი სტილი, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ, ქართული ფრესკების თანამედროვე ტრანსფორმაციის უჩვეულო მაგალითს წარმოადგენს, განსაკუთრებულ მოვლენად აღიქმება არა მხოლოდ ქართული ხელოვნების ფონზე, არამედ თანამედროვე მსოფლიოს ხელოვნების სივრცეშიც, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ მხატვარმა უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო ხელოვნების ბაზარზე. 2013–2014 წლებში მისი ნამუშევრები წარმატებით მონაწილეობდა ლონდონის „სოთბის“ სააუქციონო სახლის მიერ გამართულ გამოფენებზე „გზაჯვარედინზე 1. შუა აზიისა და კავკასიის თანამედროვე ხელოვნება“ და “გზაჯვარედინზე 2. სტამბულიდან ქაბულამდე”, ასევე „სოთბის“ 2014–2015 წელს გამართულ სხვადასხვა აუქციონებზე. მხატვრის ნამუშევრების დიდი ნაწილი საქართველოს და უცხოეთის კერძო კოლექციებშია დაცული.