ლერი ხაბელოვი: მე ამ დიდი მსოფლიოს ჩემპიონი ვარ!

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმაზე, რამდენად რთულია ოლიმპიური ჩემპიონის გზა, რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს სპორტსმენი ოლიმპიურ მწვერვალზე მოსახვედრად, თამაშების ემოციური დატვირთვის შესახებ ჩვენ ვესაუბრეთ ადამიანს, რომელმაც ამ ყველაფრის გადალახვა შეძლო.

რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ხუთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა. ჩვეულებრივი ობივატელისთვის სრულიად საკმარისი დროა საიმისოდ, რომ გათვალოს შვებულების დრო, დაგეგმოს სააგარაკე ნაკვეთზე წასვლა ან, უბრალოდ, დაელოდოს ბრაზილიაში თამაშებს, რათა გულიანად უქომაგოს თავისიანებს. მაგრამ იმ სპორტსმენებისთვის, რომლებმაც ბრაზილიაში „საქომაგო“ ემოციური ფონი უნდა შექმნან, კატასტროფულად მცირე დრო რჩება.

თუმცა, ზოგიერთ ათლეტს ნამდვილად შეუძლია მცირედ მოდუნდეს და მორალურად განეწყოს სამხრეთ ამერიკისთვის. საუბარია იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზია და ბრაზილიაში ადგილი დაიჯავშნეს.

უმეტესობა კი კვლავაც განაგრძობს ოთხწლეულის უმთავრეს თამაშებზე საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას.

იმის შესახებ, თუ რამდენად რთულია და ეკლიანი ოლიმპიური ჩემპიონის გზა, რა თვისებებია აუცილებელი სპორტსმენისთვის, რათა უმაღლეს მიზანს მიაღწიოს და ასევე თამაშების ემოციურ შემადგენელზე, ამ საქმეში კარგად გარკვეულ ადამიანს გავესაუბრებით.

ლერი ხაბელოვი — თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ბარსელონის 1992 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, სეულის 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონი. ამჟამად საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.

© Natia Tsirekidzeსაქართველოს ოლიმპიური კომიტეტი
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი

 — თქვენ მოგებული გაქვთ ყველაფერი, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა — დაწყებული სსრკ–ის  სპარტაკიადიდან, დამთავრებული ოლიმპიური თამაშების ოქროთი. რა არის ამისთვის აუცილებელი — ფოლადის გული, გამარჯვებულის ფსიქოლოგია, ნიჭი?

— ადამიანი სპორტზე ბავშვობაში, ადრეულ ასაკში შედის. მე სპორტული ცხოვრება მუსიკით დავიწყე.

 — რა ინსტრუმენტზე უკრავდით?

— ფორტეპიანოზე. ცოტა ხანს ვუკრავდი, მაგრამ არ გამომივიდა. არ დადგა ჩემგან კარგი პიანისტი (იცინის).

 — ფორტეპიანოდან ჭიდაობაში?! რა თქვეს მშობლებმა ინტერესების ასეთ ცვლილებაზე?

— სიმართლე გითხრათ, მშობლებმა არც კი იცოდნენ, ჭიდაობაზე სიარული რომ დავიწყე. მუსიკის პარალელურად დავდიოდი ვარჯიშებზე. ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა კარგი განათლება მიიღოს და პრესტიჟულ პროფესიას დაეუფლოს. სპორტი — ეს მაინც ძალიან დიდი რისკია. შეიძლება ტრავმა მიიღო და შეთავაზებები აღარ გქონდეს — ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ხდება.

ისტორიისთვის ბევრი ისეთი შემთხვევაა ცნობილი, როცა სპორტსმენს ყველაფერი ჰქონია, მაგრამ საბოლოოდ ვერაფრისთვის მიუღწევია, ვინაიდან ცხოვრებამ აქ საკუთარი კორექტივები შეიტანა.

თუმცა, მიუხედავად ვარჯიშებისა, სწავლა არასდროს „მიმიგდია“. განათლება აუცილებელია სპორტსმენისთვის. ჩვენ მეტად ხანმოკლე პროფესიული გზა გვაქვს — სულ რამდენიმე წელი. მერე კი პროფესიის არჩევა და მუშაობა გვიწევს. ამიტომაა სწავლა აუცილებელი.

© Архив ОКГლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
ლერი ხაბელოვი

 

— და, მაინც, თქვენ სპორტს მიანიჭეთ უპირატესობა.

— სპორტი ყოველთვის უფრო ახლოს იყო ჩემთან. მე ავჭალაში გავიზარდე, სადაც ყოველთვის ბევრი მოჭიდავე იყო, მაგალითად, იოსებ ბერიშვილი — სსრკ–ის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი. ისიც ავჭალელია. მისი შემყურე ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი, რომ დიდი სპორტსმენი — მსოფლიო ჩემპიონი გავმხდარიყავი. სწორედ მაშინ ფილმი გამოვიდა — სამწუხაროდ, სათაური აღარ მახსოვს — რომელშიც ერთ პატარა ბიჭს სცემენ, ის კი ეუბნება, ჩემი ძმა მსოფლიო ჩემპიონიაო. ამ ფილმის ნახვის შემდეგ თავში გამუდმებით მიტრიალებდა: „აი, ვინ უნდა გავხდე — მსოფლიო ჩემპიონი“.

ეს სურვილი იმდენად ღრმად გამიჯდა, რომ ცხოვრებისეული არჩევანი სწორედ ამაზე შევაჩერე. სხვათა შორის, არასდროს მიფიქრია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონობას აპოთეოზად მივიჩნევდი — ამ უზარმაზარი მსოფლიოს ჩემპიონი მინდოდა გავმხდარიყავი.
— რამდენი წლის იყავით, როცა „მსოფლიო დაიმორჩილეთ?“

— მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტის ტურნირზე გავხდი, მაშინ 21 წლისა ვიყავი. მაგრამ მანამდე საბჭოთა კავშირის სპარტაკიადებისა და ჩემპიონატების გამარჯვებული ვიყავი. შედეგები სიყმაწვილიდან მქონდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ რაღაცას ვერ მივაღწიე და მერე კი უცბად  გავიმარჯვე.

— ანუ თქვენი მიღწევები თანდათანობითი იყო?

— კი, რა თქმა უნდა. პლანეტის „დიდ“ ჩემპიონობამდე იუნიორთა შორის გავხდი მსოფლიო ჩემპიონი 1982 წელს. ეს კოლორადო–სპრინგსში მოხდა. მერე კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გავიმარჯვე, თუმცა უკვე ახალგაზრდებს შორის.

© Архив ОКГლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
ლერი ხაბელოვი

— როგორ გაუმკლავდით ამგვარ დატვირთვას?

— სპორტში ერთ–ერთი ურთულესი მომენტი — იუნიორულ–ახალგაზრდული სპორტიდან „დიდ“ სპორტში გადასვლაა. ეს ფსიქოლოგიურად ყველაზე რთული და მძიმე მომენტია. მეც ასე დამემართა, მაგრამ თავს მოვერიე.

— როგორ მოხდა ეს?

— თბილისში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი უნდა გამართულიყო, ეგრეთ წოდებული, მსოფლიოს მცირე ჩემპიონატი. მარტო საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ექვსი შემადგენლობა წარადგინა.

ამერიკელებსაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ. და, აი, ამ ტურნირის დაწყების წინა დღეს ერევანში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა საბჭოთა და ამერიკულ ნაკრებებს შორის. მაშინ ის–ის იყო, ახალ, ას კილომდე წონით კატეგორიაში გამოსვლა დავიწყე. ერთ კარგად მოსულ ამერიკელს ვეჭიდავე და პირველივე რაუნდი 7:1 მოვუგე. მეორე რაუნდში, ცოტა არ იყოს, დავიღალე და ეს ამერიკელი რაღაცნაირად უზარმაზარად მომეჩვენა. საბოლოოდ დავმარცხდი ანგარიშით 7:8. არა და იმ დროს უკვე ვიყავი ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი. ჩამოვედი თბილისში და ამეკვიატა ფიქრი, ალბათ, ჭიდაობა ჩემი საქმე არ არის, ალბათ, იქ ჩემი ადგილი არ არის–მეთქი.

— დავიჯერო, წასვლა გადაწყვიტეთ?

— კი, მქონდა მსგავსი აზრები. მივედი შინ და მამაჩემს ვუთხარი, აღარ მინდა ჭიდაობა–მეთქი. ბუნებრივია, მამამ მკითხა, რატომო, მეც ვუთხარი, აქამდე სულ ვიგებდი და ვიგებდი, ახლა კი უცბად დავმარცხდი, ეტყობა, მეტის მოგება აღარ შემიძლია–მეთქი.

და მამამ მაშინ მითხრა: თუ გგონია, რომ შემთხვევით წააგე, მაშინ თბილისის ტურნირში მიიღე მონაწილეობა და დაამტკიცე, რომ ყველაზე ძლიერი ხარო. მივხვდი, რომ მამა მართალი იყო, უნდა გავსულიყავი ტურნირზე და საკუთარი თავისთვის ან კი მეთქვა, ან – არა. თუ სასურველს ვერ მივიღებდი, მაშინ ვარჯიშიც აღარ ღირდა.

© Архив ОКГლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
ლერი ხაბელოვი

 

— რა შედეგი ჰქონდა იმ ტურნირს?

— უკვე გითხარით, რომ ძალიან ძლიერი მოჭიდავეები იყვნენ ჩამოსული. წარმოიდგინეთ, ოლიმპიური ჩემპიონი და ოთხი მსოფლიო ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონებზე აღარც კი ვლაპარაკობ.

პირველი შერკინება ასლან ხადარცევთან მქონდა — მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონთან და… დავამარცხე.

ფინალში პიოტრ ნანიევს შევხვდი, ისიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი იყო, და 4:0 გავიმარჯვე. ასე გავხდი საბჭოთა კავშირის ძირითადი ნაკრების დებიუტანტი. ეს იყო დიდ სპორტში ჩემი პირველი ნაბიჯები. იმავე წელს წამიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე და იქაც გავიმარჯვე. ცოტა მოგვიანებით კი პირველად გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. ეს ყოველთვის მემახსოვრება, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვაჯობე და ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახე.

— თქვენ გადაწყვეტილებაზე, სპორტში დარჩენილიყავით, მამის სიტყვებმა იქონია გავლენა თუ შინაგანმა ხმამ?

— თუ სპორტსმენი ფსიქოლოგიურად არ არის მზად, ვერაფერს მიაღწევს. მე ხასიათი მქონდა. როცა ახალგაზრდული სპორტიდან დიდ სპორტში გადადიხარ, ყველაფერი სხვანაირადაა. სხვა დატვირთვებია, სხვა მოთხოვნები და ამოცანები, სხვა ხალხია და აბსოლუტურად სხვა ატმოსფერო. ჩემს თავს ვუთხარი, მე ეს უნდა გავაკეთო, მე მათზე უკეთესი ვარ–მეთქი. რაღა თქმა უნდა, მამის სიტყვებმა ბიძგი მომცა, მაგრამ არა მგონია, ასე რომ არ ეთქვა, ამით რამე შეცვლილიყო. თუმცა ძალიან კი დამეხმარა.

© Дмитрий Донскойლერი ხაბელოვი ბარსელონის ოლიმპიადაზე
ლერი ხაბელოვი ბარსელონის ოლიმპიადაზე - Sputnik საქართველო
ლერი ხაბელოვი ბარსელონის ოლიმპიადაზე

 

— რა გითხრათ მამამ, როცა პირველი სერიოზული ტიტული მიიღეთ — ევროპის ჩემპიონი გახდით?

— როგორც სხვა, ისე ჩემი მშობლებიც ხარობდნენ ჩემი წამატებით. მაშინ სხვა სისტემა იყო, საბჭოთა სისტემა. ჩემ შესახებ ყველა გაზეთში დაბეჭდეს. ჩემი მშობლების კოლეგებმაც წაიკითხეს და ულოცავდნენ ჩემს წარმატებას. რაღა თქმა უნდა, ამაყები იყვნენ, ყველა მშობელს უნდა, რომ მათი შვილი ყველაზე უკეთესი იყოს. მამა ძალიან ამაყობდა ჩემი მიღწევებით.
— ბევრი რამის მსხვერპლად გაღება გიწევდათ, რომ მიზნისთვის მიგეღწიათ — გამუდმებული ვარჯიში, შეჯიბრებები, ტურნირები, სწავლა. როდისღა ისვენებდით?

— როცა სპორტით სერიოზულად ხარ დაკავებული, ეგეთი რამეები დაუშვებელია. არ გამოდის ერთდროულად ვარჯიშიც და დასვენებაც. კი, მართალია, როცა ახალგაზრდა ხარ, ყველგან წასვლა გინდა, მაგრამ არ გამოდის. თუ არჩევანია, ერთი გზა უნდა აირჩიო.

ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი პირველად, ვიფიქრე, აი ახლა კი შეიძლება კარგად დავისვენო–მეთქი. ჰოდა, დავისვენე და… დამასვენეს კიდეც — მთელი წელი აღარსად გამოვსულვარ (იცინის). მერე ყველაფერი თავიდან გავიაზრე და დასკვნაც გავაკეთე: თუ სპორტია, მაშინ სპორტი იყოს.

— ანუ, პროფესიული სპორტი მთლიანად გშთანთქავს?

— აბსოლუტურად.

— როდესაც თქვენთვის პირველი, სეულის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეთ, რაიმე განსაკუთრებული შეგრძნება გქონდათ?

— მაგ დროისთვის უკვე ვიყავი გუნდის ლიდერი და სეულის ლიცენზია საკმაოდ იოლად მოვიპოვე. ეტყობა, ამიტომაც განსაკუთრებული გრძნობები არ მქონია. ეგ მერე დამეუფლა, უშუალოდ ოლიმპიადის წინ, ტურნირის ფავორიტი ვიყავი და ყველა გაზეთი ერთხმად წერდა, ხაბელოვი გაიმარჯვებსო. მაგრამ მოხდა ისე, რომ ფინალში რუმინელ ვასილი პუშკაშთან დავმარცხდი.

— ბარსელონა 1992-ის ოლიმპიური ჩემპიონი როცა გახდით, იმ ემოციების რამესთან შედარება შეიძლება?

— ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავის საქმეში პიკს აღწევს, ბედნიერებისა და ემოციების არნახულ მოზღვავებას, ენით აუწერელ შინაგან მდგომარეობას განიცდის. ჩემ კარიერაში უმაღლეს საფეხურს მივაღწიე, რისკენაც მთელი ცხოვრება ვისწრაფოდი — ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. დგახარ კვარცხლბეკზე და ფიქრობ, რომ ყველაზე კარგი, ყველაზე თეთრი და ფუმფულა ხარ. დარწმუნებული ვარ, ამას ოლიმპიადის ყველა ჩემპიონი განიცდის.

© Natia Tsirekidze ლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
ლერი ხაბელოვი

– თქვენი ყველაზე დიდი გამარჯვება რომელია? ოლიმპიადაზე გამარჯვებას კი არ ვგულისხმობ, არამედ კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან კონკრეტულ გამარჯვებას?

— თუ შერკინების სიმწვავეზე ვილაპარაკებთ, მაშინ ფსიქოლოგიური კუთხით ყველაზე რთული შეხვედრები ოლიმპიადაზე მქონდა. არც ისე იოლია, ჯერ ვერცხლის პრიზიორი გახდე და ოთხი წლის შემდეგ ოქრო აიღო — ეს ორმაგად რთულია. პირიქით რომ ყოფილიყო, ბევრად იოლი იქნებოდა. იმიტომ რომ, როცა ოქროსთვის ბრძოლას აგებ, ფიქრობ, ეტყობა არ მიწერია, რომ საუკეთესო ვიყო და ეტყობა ვერც ვერასდროს მივაღწევ დასახულ სიმაღლესო.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ეს, ალბათ, გერმანელი ჰეიკო ბალზია. გამუდმებით ვამარცხებდი სხვადასხვა ტურნირებზე და თანაც ყოველთვის დიდი უპირატესობით, ოლიმპიადაზე კი ძლივს მოვუგე 2:1. იმ შერკინებისას უპირველესად საკუთარ თავს ვებრძოდი.

— სპორტსმენისთვის უმთავრესი საკუთარ თავზე გამარჯვებაა?

— ბუნებრივია, ასეა. თუ ადამიანი საკუთარ ემოციებს ვერ გაუმკლავდება, არაფერი გამოუვა. აი, ვთქვათ, მე და თქვენ ერთნაირად ვვარჯიშობთ. თქვენ ფიზიკურად უკეთ ხართ განვითარებული — ბევრს დახტიხართ, დარბიხართ, წონას იკრებთ და ასე შემდეგ, შინაგანი მდგომარეობა კი მე უფრო ძლიერი მაქვს. ასეთ შემთხვევაში მე თქვენ ფსიქოლოგიურად გჯაბნით. დიახ, ფსიქოლოგია ამარცხებს ფიზიკას.

ინტერვიუს მეორე ნაწილს „Sputnik საქართველო“ 10 მარტს შემოგთავაზებთ.

ყველა ახალი ამბავი
0