დიზაინერი თამუნა სუჯაშვილი: ძველი მოდა ახალი ელემენტებით ბრუნდება

© Nikomariდიზაინერი თამუნა სუჯაშვილი
დიზაინერი თამუნა სუჯაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის კოლექციებში გასული საუკუნის 60-იანი წლების მოდა ბრუნდება, თუმცა ის ახალი ელემენტებით და მრავალფეროვანებით. Sputnik-ი თამუნა სუჯაშვილს ესაუბრა, რომლის დიზაინით შექმნილი რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელიც სუზან სარანდონის კოლექციას ამშვენებს. სწორედ მისგან შევიტყობთ, როგორი ჩანთები და ფეხსაცმელებია მოდაში ახალ სეზონზე.

ლიზა შელია

გაირკვა, რომ მოდაშია ბეწვის, ქვებისა და ტყავის ელემენტებით გაწყობილი ჩანთა და ფეხსაცმელი. ეს მთავარი ატრიბუტია, რომელსაც ქალბატონებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. 

წელს აქტუალურია შედარებით დაბალი და ოთხკუთხაქუსლიანი ფეხსაცმელი, ასევე მომრგვალებული ფორმის, გამჭვირვალე ან რკინის ქუსლები. 

„ძველი მოდა ბრუნდება, სადღაც, 60-იანი წლებისა. ახლა ძალიან მოდაშია ბეწვი. თქვენ წარმოიდგინეთ, ზაფხულის ფეხსაცმელიც კი შეიძლება ფერადი ბეწვით გააწყოთ. იგივე შემიძლია ვთქვა ჩანთებზეც. არის ასეთი ტენდენცია, „ზაფხულის ბეწვს“ ეძახიან და ვრცელდება როგორც ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, ისე ჩანთებზეც. უფრო კლასიკური სტილია წამოსული, ნაზი ფეხსაცმელებია მოდაში“, — აღნიშნა სუჯაშვილმა.

© თ. სუჯაშვილიდიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან
დიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
დიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან

პატარა ჩანთები წელს დიდმა და ტევადმა ჩანთებმა ჩაანაცვლა. განსაკუთრებით მოდურია გველის ან თევზის ტყავისგან შეკერილი ან მისით გაწყობილი ჩანთები. 

„ასევე, მოდაშია ქვები და ხელით მოქარგული დეტალები ჩანთებზე. რაც შეეხება ფერებს, უფრო რბილი და თბილი ფერებია მოდაში“, — განმარტა მან. 

დიზაინერებმა მხოლოდ კლასიკური სტილის მოყვარულებზე კი არ იფიქრეს, არამედ იმათზეც, ვინც უპირატესობას სპორტულ სტილს ანიჭებს. 

„ბოტასები ფერადი ყვავილებით ძალიან ლამაზია. სპორტულ ფეხსაცმელში ისეთი დეტალებია შეტანილი, რაც სინაზეს მატებს მათ. ისეთი ბოტასებიც კი არის, რომლებსაც გამოსასვლელ კაბებთანაც კი ჩაიცმევ. მათზე შეიძლება ყვავილები იყოს ამოქარგული, ან მძივებით იყოს დატვირთული— ამბობს დიზაინერი. 

მთავარია იცოდეთ, რა გიხდებათ

თამუნა სუჯაშვილის აზრით, იმის გათვალისწინება, რა არის მოდაში, სულაც არ არის აუცილებელი. მთავარია იცოდეთ, რა გიხდებათ და რაში გრძნობთ თავს კომფორტულად. 

„რაც შეეხება ზოგიერთების შეხედულებას, რომ მაღლებმა ქუსლიანი ფეხსაცმელი არ უნდა ატარონ, დაბლებმა კი დაბალძირიანი — ეს მცდარი მიდგომაა. დამიჯერეთ აქ შეზღუდვები არ არსებობს. ისე, რომ იცოდეთ, ახლა მოდაში არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელია და არც დაბალი. 5-6 სანტიმეტრი იდეალური ვარიანტია. სხვათა შორის, ეს სიმაღლე ყველაზე კომფორტულია და ჯანმრთელობისთვისაც კარგია. მაღალი ქუსლი იწვევს ვენების დაავადებას, პოდაგრას, თუმცა არც მთლად დაბალი ქუსლია რეკომენდებული“, — აღნიშნა თამუნა სუჯაშვილმა. 

© თ. სუჯაშვილიდიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან
დიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
დიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან

სუნამო და ყვავილები საჩუქრად — უკვე მოძველებული სტილია 

საუკეთესო საჩუქრად ქალბატონებისთვის ყვავილები, სუნამო ან სამკაული ითვლება, თუმცა დიზაინერ სუჯაშვილის აზრით, ეს უკვე მოძველებული სტილია. ბოლო პერიოდში დამკვიდრდა საყვარელი ქალისთვის ჩანთის ან ლამაზი ფეხსაცმლის ჩუქების ტენდენცია. 

„მახსოვს, წინასაახალწლოდ მამაკაცი მოვიდა და მეუღლისთვის საჩუქარი შემიკვეთა — ფეხსაცმელი, რომელიც მას მოსწონდა. დამიტოვა ფოტო. ახალ წლამდე შეკერვას ვერ ვასწრებდი, ამიტომ კაცმა სურათი დააბეჭდინა, ლამაზ ყუთში ჩადო და ცოლს მიართვა. ქალს ეგონა, რომ საჩუქარი — ეს მხოლოდ ფოტო იყო და უჩხუბია, ეს რა საჩუქარიაო. მერე კი გაიგო, რომ ფეხსაცმლის კერვა დაწყებული მქონდა და ძალიან გახარებული მოვიდა“, — იხსენებს დიზაინერი. 

თამუნას თქმით, ერთი ფერის ჩანთა და ფეხსაცმელი — ეს ტენდენცია ძალიან დიდი ხანია, რაც მოდიდან გადავიდა. მოდაშია მეტი სიჭრელე, ფანტაზია და მრავალფეროვნება. 

© თ. სუჯაშვილიდიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან
დიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
დიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან

„შეიძლება ფეხსაცმელი მწვანე გეცვას, ჩანთა კი ყვითელი გეჭიროს. ეს ძალიან აქტუალურია. ანუ არაა აუცილებელი, მასალა იყოს ერთი ფერისა და ერთი ფაქტურის“, — ამბობს სუჯაშვილი. 

მაისში დიზაინერი ახალ, ზამთრის კოლექციას წარადგენს Mercedes-Benz Fashion Week-ზე, რომელიც თბილისში გაიმართება, და ფეხსაცმელთან და ჩანთებთან ერთად, ჩვენებაზე პირველად წარადგენს საკუთარი დიზაინით შექმნილ ტანსაცმელსაც. 

„რაც თავი მახსოვს, ვხატავ. ჩემი კოლექციის პირველი კლიენტი თავად ვიყავი — ჩემთვის ვიკერავდი. ადრე თითქმის სულ შაბლონური სამოსი იყო და ამიტომ მათი გადაკეთება მიწევდა, რომ ცოტა განსხვავებულად მცმეოდა. დედაჩემის კაბებს ვჭრიდი და მერე იქიდან რაღაცეებს ვიკერავდი. დედას ვეუბნებოდი, ტანსაცმელი არ მიყიდო, მხოლოდ ფეხსაცმელი მიყიდე-მეთქი, იმიტომ, რომ ტანსაცმლის შექმნა და გადაკეთება შემეძლო, ფეხსაცმლისა კი — არა. თუმცა ნელ-ნელა ესეც შევძელი“, — აღნიშნა მან. 

თამუნა სუჯაშვილს მიაჩნია, რომ დიზაინერს აუცილებლად უნდა შეეძლოს ხატვა, უნდა ჰქონდეს შინაგანი ხედვა და ასევე იმის უნარი, მიხვდეს, რა შეიძლება იყოს მოდაში მომავალ სეზონზე. 

© თ. სუჯაშვილიდიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან
დიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან - Sputnik საქართველო
დიზაინერ თამუნა სუჯაშვილის კოლექციიდან

„ძალიან მიკვირს, რომ ახლა ბევრი გახდა თბილისში დიზაინერი. სახაჭაპურეებივით მომრავლდნენ ტანსაცმლის დიზაინერები, სოკოებივით აღმოცენდნენ. ძალიან ბევრი ვიცი, რომ არც ხატავს, არც შესაბამისი განათლება აქვს მიღებული და როგორ ქმნიან რამეს, ვერ ვხვდები“, — უკვირს დიზაინერს. 

ახლო მომავალში თამუნა სუჯაშვილი საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს. საქართველოში დროებით ჩამოსული უცხოელი კლიენტებისა და იმათთვის, ვისაც მისი პროდუქციის სასწრაფოდ შეძენა სურთ, ანუ დაცდის დრო არ აქვთ, დიზაინერი სპეციალურ კოლექციას შექმნის, რომელიც მის მაღაზიაში გაიყიდება.

ყველა ახალი ამბავი
0