თბილისში „მისტერ და მის თბილისი 2016“-ის კონკურსის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით გაეცანით კონკურსის შესარჩევი ტურის პრეტენდენტებს.
თბილისში სილამაზის კონკურსის „მისტერ და მის თბილისი 2016“-ის შესარჩევი ტური გაიმართება. კონკურსში მონაწილეობის მიღება 16-დან 24 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შეუძლიათ.
კონკურსანტებისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სიმაღლეა — გოგონების სიმაღლე უნდა იყოს 1,70 მ და ზევით, ხოლო ბიჭების — 1,80 მ-დან.
„ჩვენ იმ ახალგაზრდებს ვეძებთ, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად და საინტერესოდ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. რადგან ეს სილამაზის კონკურსია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ პარამეტრების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ჩვენ მოთხოვნებს“, — განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა კახა ხაბეიშვილმა.
შესარჩევი ტური, რომლის შედეგად 20–20 კონკურსანტი გოგონა და ვაჟი გამოვლინდება, 28 მარტს ჩატარდება. კონკურსის ფინალი კი აპრილის ბოლოს გაიმართება.
„მის თბილისი 2016“-ის გამარჯვებული გარდამავალ ოქროს გვირგვინთან ერთად საჩუქრად ავტომობილსაც მიიღებს. „მისტერ თბილისი 2016“-ის გამარჯვებულის პრიზი კი ფინალის ბოლოს გახდება ცნობილი.
კონკურსზე გამოვლინდება საუკეთესო ათეული (5 ვიცე-მისი და 5 ვიცე-მისტერი), ასევე შეარჩევენ გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: ფიტნესი, ფოტოგენურობა, ტელეგენურობა, ინტერნეტი, შარმი, სექსუალობა, სპორტი, ექსტრავაგანტულობა, არტისტულობა და სხვა. ნომინაციებში გამარჯვებულები შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.