ჩვენი გმირები სხვადასხვა თეატრის მსახიობები არიან და ერთი რამ — სიყვარული აერთიანებთ. ქალისა და მამაკაცის ტრფიალის მექანიზმი ყველა ქვეყანაში ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ თითოეული ადამიანი ამ დიდებულ გრძნობას განუმეორებელ ელფერს სძენს.
რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური: როცა შეყვარებული ვარ, ყოველი დღე სიყვარულის დღეა!
— ახლა შეყვარებული ხარ?
— აბა რა! ცოლი მყავს და ის მიყვარს! მე უსიყვარულოდ არ შემიძლია, ეს მარტო მეუღლეს არ ეხება, ჩემ შვილებსაც ვგულისხმობ… ოჯახის გარეშე არ შემიძლია, ვერ ვძლებ! და თუ ადამიანი არ მიყვარს, მის გვერდზე ვერ გავჩერდები!
– ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ გამოიხატება სიყვარული?
— შეიძლება კამათსაც კი დავარქვათ სიყვარული. ვის უნდა ისეთი მამაკაცი, ყოველ წუთს რომ გეუბნება, მე შენ მიყვარხარო?! ის კაციც არ ვარ, აქეთ-იქით ია-ვარდებს რომ ისვრის. შეიძლება ქალსაც მოსწონს ცოტა უხეში მამაკაცი. რადიკალური ხასიათი მაქვს, მესაკუთრე ვარ!.. მესამე ცოლი მყავს — პირველი და უკანასკნელი — ასე ვეძახი. სანამ ცოლად მოვიყვანდი, ყაზბეგში წავიყვანე, გერგეთის სამებაში. იქიდან მანქანით რომ ვბრუნდებოდით, უღელტეხილზე გადავცვივდით, მაგრამ ბეწვზე გადავრჩით, ერთი ნაკაწრიც არ გვქონდა — გერგეთის სამებამ გვიშველა. ამ კატასტროფის მერე ცოლად მოვიყვანე, წავედით კიევში და მერე ატყდა „გულაობა“: ერთი შვილი, მეორე შვილი…
— ვინ არის შენთვის მეორე ნახევარი?
— მეორე ნახევარი ის ადამიანია, ვისი იმედიც უნდა გქონდეს! თუ მას ახლო მეგობრად არ მიიჩნევ, უმჯობესია, თავი დაანებო და თავის გზაზე გაუშვა.
— ბესო, ბავშვებზე თავდადებულად ზრუნავ, ეს სიამოვნებას განიჭებს?
— შვილი თუ გყავს, პასუხიმგებლობაც გაქვს. აბა, მარტო ღვინის სმა კი არ არის კაცობა.
ცოლ-ქმრული სიყვარულის მშვენიერი მაგალითია რეჟისორ ზურაბ გეწაძისა და მსახიობ ნანუკა ლითანიშვილის მშვიდი, გაწონასწორებული და იუმორით აღსავსე ურთიერთობა. მათი მშვენიერი ცხოვრების მცირე მონაკვეთი გულგრილს არავის დატოვებს.
— ზურა, შენ ხარ არაჩვეულებრივი მამა, მეუღლე… ამასთან მსახიობი, რეჟისორი და თუმანიშვილის თეატრის დირექტორი. რეჟისურა შინ, რეჟისურა თეატრში…
— არა, შინ რეჟისურა არ არის, იქ სხვა კანონი მუშაობს, სხვანაირი ურთიერთობებია. ჩემი შვილები დიდები არიან: უფროსი 25 წლისაა, მომდევნო — 20-ის, მესამე — 18 და უმცროსი 7 წლის. ოჯახში ყველა ხელს მიწყობს, რომ თეატრში ვაკეთო ჩემი საქმე.
— და მაინც, რა ძალა ამოძრავებს ადამიანს, რომ ამდენ რამეს მიხედოს, რა გაძლევს ენერგიას?
— სიყვარული. სიყვარული ამოძრავებს ყველაფერს და ენერგიასაც სიყვარული მაძლევს. ენერგიის მომცემი მეორე წყარო არის ძილი. დაიღლები?— ცოტა ხნით უნდა დაიძინო. გაიღვიძებ და თუ ისევ სიყვარულში იქნები, ყველაფერი კარგად იქნება. სიყვარულია ოჯახიც, სიყვარულია თეატრიც. სიყვარულით ვდგამ სპექტაკლებს და სიყვარულით ვურთიერთობ ადამიანებთან. ზოგი მიბრუნებს, ზოგი არა, მაგრამ ენერგია არსად მიდის, ის მაინც გროვდება და ამით ვცოცხლობ.
მსახიობი ნანუკა ლითანიშვილი: მე და ზურამ მისაღებ გამოცდებზე გავიცანით ერთმანეთი და მერე დავმეგობრდით. ნელ-ნელა გამოისახა, რომ ამ ადამიანზე სულ ვფიქრობდი. ამიტომ სიყვარული მეხივით არ დამცემია. არც თავგადასავლები გვქონია. თუმცა ოჯახი სამოქალაქო ომის წლებში შევქმენით და ეს პერიოდი ისედაც თავგადასავალი იყო. მერე ბავშვები გვეყოლა… საერთო საქმემ ჩვენი ურთიერთობა გაამყარა, ვინაიდან სალაპარაკო არ გველევა. ერთმანეთთან ყოველდღიური ამბები გვაკავშირებს.
— ოთხი შვილი — ოთხი სიყვარულია. ამას ემატება მშობლების, ძმის, მეგობრების სიყვარული და რას მატებს ეს შენი და ზურას სიყვარულს?
— აქ მთავარი ორი ადამიანის სიყვარულია, იმიტომ, რომ გინდა ოთხი შვილი გყავდეს და გინდა თორმეტი, თუ მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, შვილები ვერაფერს გააწყობენ. ახლობელ-მეგობრები ჩვენ სიყვარულს აფერადებენ…
მე და ზურა, ბავშვებს თუ ვტუქსავთ, სულ ერთ პოზიციაზე ვართ, სულ ერთად ვართ. რომელიმე მტყუანიც რომ ვიყოთ, მაინც ერთად „ვუპირისპირდებით“ მათ. ჩვენი შვილები იუმორით უყურებენ ამას და ამბობენ, ესენი სულ ერთმანეთისკენ არიანო.
უფროსებს ვერც აღვიქვამ შვილებად, იმიტომ რომ ერთად გავიზარდეთ. ამიტომ პატარა ნუცაზე გადადის ყველაფერი. ის გვაერთიანებს, ხალისს გვმატებს, სტიმულს გვაძლევს, მასთან ყოფნა სახალისოა.
— ნანუკა, ალბათ ბევრი ამჩნევს შენი და ზურას მსგავსებას.
— ჯერ სულ ახალი დაქორწინებულები ვიყავით, ბევრმა ერთმანეთს რომ მიგვამსგავსა. ამის გამო სულ ვჭიდაობთ, რომელი შვილი ვის ჰგავს — მე თუ მას. ბოლოს ეს კამათი მთავრდება შეთანხმებით: ოთხივე ერთმანეთს ჰგავს!
იცი, რა არის მთავარი? სადაც უყვართ, იქ ერთმანეთს უთმობენ. ეს აძლებინებს ორ ადამიანს ერთად და სიყვარულიც უფრო ღრმავდება.
ქეთი ცხაკაია მორიდებული ადამიანია, ცდილობს ყურადღების ცენტრში არ მოხვდეს. რატომ? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ყველა მისი გრძნობა მთავარი სიყვარულისკენაა მიმართული — ოჯახისა და თეატრისკენ.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთი ცხაკაია:უსიყვარულოდ ვერაფერს გააკეთებ. ეს გრძნობა ჩემ ცხოვრებას წარმართავს. შვილი მყავს და მის სიყვარულს რა შეედრება?! რაც შეეხება მეუღლეს, ის ყველაზე საყვარელი ადამიანია, ამიტომ ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით. ჩემი შვილის სიყვარული, მეუღლის, მეგობრების, პროფესიის, მშობლების, ძმის — ნახე, რამდენი სიყვარულია?! როცა სპექტაკლი მაქვს ან რეპეტიცია, სულ ამ ფიქრებში ვარ. აი, ეს ვთქვი და უკვე სიყვარულზე ვლაპარაკობ.
მერაბ გეგია არაერთი წიგნის ავტორია და თეატრზე ფიქრი ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი, თუმც მისი ერთ-ერთი მთავარი გატაცება ქალია. აი, რას გვიამბობს მრავალცოლიანი თეატრმცოდნე.
თეატრმცოდნე მერაბ გეგია: გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ. ურთიერთობა ქალთან შეიძლება შევადარო მუსიკით ტკბობას და მეც ვცდილობ, მისთვის პოეზია და მუსიკა ვიყო. თუმცაღა, საკმარისია ჩვენ ურთიერთობაში მოწყენილობა, ყალბი რითმა ან ყალბი ნოტი შეიპაროს — სულ ერთია, ჩემი თუ მისი მხრიდან — უკვე ორივენი ვეძებთ ახალ ლექსს, ახალ მუსიკას…
ქალი მარადიული ბავშვია, სტიქიაა, რომლის ტალღებშიც ცურვა მამაკაცის მთავარი აზარტია. ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური წუთები ჩემ ცხოვრებაში ქალთან არის დაკავშირებული. მაგრამ რაც უფრო მეოცნებეა ქალი თუ კაცი, მით უფრო ძნელია და შეუძლებელიც კი იდეალის პოვნა. ამიტომაა რომ ეს თამაში, ადრე თუ გვიან, მარტოობით მთავრდება.
ნურავინ მომბაძავთ!
„სიყვარული ამოძრავებს ყველაფერს“ და ყველას დიდ სიყვარულს ვუსურვებთ!