“ქალი ქუხნაში“ ანუ სასურველი ქალის “პარამეტრები“

© გ. ბურჯანაძის არქივიმსახიობი გია ბურჯანაძე
მსახიობი გია ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი მსახიობი გია ბურჯანაძე ქალებზე და სუსტი სქესისადმი თავის დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს.

ცნობილია, რომ კაცების ინტერესთა სფერო ტრადიციულად და ხუმრობით სამ სიტყვაში გამოიხატება: “ღვინო, დუდუკი, ქალები“. ღვინო დარჩა მათ ინტერესთა სფეროში, დუდუკი — ფეხბურთმა და ფეისბუკმა ჩაანაცვლა, და ქალები… თუმცა ზოგ შემთხვევაში ქალების ჩანაცვლებაც აქტუალური გახდა… მაგრამ მოდით, ქალთა დღეს მაინც დავივიწყოთ “ეს თემა“… ამჯერად ქალებზე სასაუბროდ ერთ ცნობილ მამაკაცს დავუკავშირდით, ვის გამოც მისი თაობის გოგონები თეატრში სპექტაკლებს არ აცდენდნენ. ქალთა დღეს ქალებზე მსახიობ გია ბურჯანაძეს გავესაუბრეთ. ჩვენი საუბარი დინამიურად, თითქმის ბლიც-ინტერვიუს რეჟიმში წარიმართა. 

– ბატონო გია, რას ნიშნავს თქვენთვის ქალის სილამაზე და წლების მატებასთან ერთად თუ შეიცვალა თქვენი წარმოდგენა ქალებზე?

— მათი წლების მატებასთან ერთად, თუ ჩემ წლებზეა საუბარი?

– დავაკონკრეტებ კითხვას: ასაკის მატებასთან ერთად მათში რაიმე აღმოჩენა ხომ არ გააკეთეთ?

— არა, განსაკუთრებული არაფერი: როგორი ქალებიც წლების წინ მომწონდა, დღესაც ისეთივე მომწონს… ყოველ ქალს საკუთარი ინდივიდუალური პარამეტრები უნდა ჰქონდეს…

– იმედია, “90-60-90“ პარამეტრებს არ გულისხმობთ?..

— არა, რა თქმა უნდა, მე პიროვნულ პარამეტრებს ვგულისხმობ და სწორედ ეს ინდივიდუალიზმი და განსხვავებულობაა მათ ეშხს რომ აძლევს. 

– ქალები ვაცხადებთ, რომ მამაკაცებს ზოგადად ღალატისკენ მიდრეკილი ბუნება გაქვთ, რასაც კულტურულად და მეცნიერულად პოლიგამიურობით ამართლებთ. მამაკაცებს ქალებთან დამოკიდებულებაში თუ გაქვთ ასეთი ერთიანი აზრი?

— ქალების ასეთი საერთო თვისება, რაშიც მამაკაცები ვთანხმდებით —ერთგულებაა. ისე, ესეც მთავარია, რომ შტერი არ უნდა იყოს, პირს რომ დააღებს, სისულელე არ უნდა თქვას.

– ჭკვიანი ქალების ეშინიათ კაცებსო – ეს ქალების მოგონილია?

— საქართველოში ყოველთვის პირიქით იყო, ქალი დაჩაგრული არასოდეს ყოფილა და მამაკაცთან თანაბარი უფლებებით სარგებლობდა. ასე რომ, ქალის გონიერება ჩვენთან ყოველთვის ფასდებოდა და ფასდება.

– “ქალი ქუხნაში!“ – ვითომ ხუმრობაში გატარებული ეს,,თემა“ ამ თანასწორობას ზოგჯერ აზრს უცვლიდა…

— რატომ? კაცები არ გინახავთ სამზარეულოში? ჩემ გარშემო ყველას შეუძლია კერძების მომზადება, ჩემს ძმას, მეგობრებს, მაგრამ მე არა, თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მშიერი ვრჩები, ბოლოს და ბოლოს მაღაზიაში ჩავალ, დღეს უკვე ყველაფერი გამზადებული იყიდება.

– ქალის მიმართ სათქმელი ყველაზე ლამაზად როგორ ან რომელი ავტორის საშუალებით გამოგიხატავთ?

— საერთოდ ქათინაურის თქმაში მე ყოველთვის მორცხვი ვიყავი და არ მეხერხებოდა. რაც შეეხება ავტორებს, რომლის დახმარებითაც მათ ლამაზ სიტყვებს ეტყვი, ასეთია მთლიანად ოთარ ჭილაძის ლირიკა და გალაკტიონის პოეზია. მე ქალში ყველაზე მთავარი სიცოცხლის გამგრძელებლის ფუნქცია მგონია, მისი, როგორც დედის, შვილების და ოჯახის მფარველის მისია. აქედან გამომდინარე, მათ ოჯახურ ბედნიერებას და სითბოს ვუსურვებ…


ყველა ახალი ამბავი
0