თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ქუთაისელი ლევან ქემოკლიძე, მას შემდეგ, რაც ბაზარში გამყიდველ ქალბატონებს ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებული სარვამარტო კონცერტის ბილეთები დაურიგა, ბილეთების მიტაცების ბრალდებით პოლიციაში მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
პოლიცია ქემოკლიძეს 4 საათის განმავლობაში უსვამდა კითხვებს, რის შემდეგაც გაათავისუფლა. თავად ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ მას ცილი დასწამეს, რადგან ბილეთები მას მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა მისცა.
„ქუთაისის მერია დიდ კომედიაში მონაწილეობს. კულტურის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ არ იცოდა, რომ ბილეთები უკვე წაღებულია და მათი გატაცების შესახებ განაცხადა, რაც უპასუხისმგებლობა და ცილისწამებაა“, — განაცხადა ქემოკლიძემ.
ქემოკლიძე ჯავახიას გადადგომას მოითხოვს, რომელმაც მას ცილი დასწამა. რაც შეეხება ბაზრის გამყიდველებს, ისინი კონცერტზე მაინც მოხვდებიან.