თბილისი, 7 მარტი — Sputnik./სოფო კაკაჩია/ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ყოველკვირეული წირვის შემდეგ ქადაგებისას ინიციატივით გამოვიდა,რომ ზუგდიდში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგას.
როგორც მეუფემ განაცხადა,ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ ვინ ვართ ქართველები და საიდან მოვდივართ.
"წელს არის შოთა რუსთაველის 850 წლისთავი. სამწუხაროდ, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. ტაძარში ხშირად ვიკრიბებით როგორც უფროსი, ასევე ახალგაზრდები და მცირე ასაკის ბავშვები. უფროსი ასაკის ადამიანებს ემსახსოვრებათ ალბათ, თუ როგორ გადაიხადა ჩვენმა ქვეყანამ შოთა რუსთაველის 800 წლისთავი. მე მაშინ პატარა ვიყავი და დღესაც მახსოვს როგორი მასშტაბით ჩატარდა, როგორი უზარმაზარი დღესასწაული იყო, ყველა ქალაქში თუ სოფელში ტარდებოდა ღონისძიებები. წელს არის შოთა რუსთაველის 850 წლისთავი და მინდა ერთი ინიციატივა გავაჟღერო ეპარქიისა და სასულიერო პირებთან ერთად — ზუგდიდში დაიდგას შოთა რუსთაველის ბიუსტი. მე თქვენი დიდი მხარდაჭერის იმედი მაქვს, ამით პატივი მივაგოთ ამ უდიდეს პიროვნებას. ამით გამოვხატოთ უწყვეტი კავშირი წარსულ, დღევანდელ ცხოვრებასა და მომავალს შორის და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ქართველები ვინ ვართ და საიდან მოვდივართ" — განაცხადა ქადაგებისას მეუფე გერასიმემ.
მეუფეს მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დადებითად შეხვდენ და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.