მამუკა არეშიძე: ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?!.

ტყუილის ფენომენი
გამოწერა
ექსპერტი მამუკა არეშიძე სირიაში არსებულ ვითარებასა და რუსეთ-თურქეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ორი ქვეყნის დაპირისპირებას საქართველოს ინტერესები შეეწირება. რა საფრთხეების წინაშე დგას მსოფლიო სირიის კონფლიქტის გამო, - ამის შესახებ მამუკა არეშიძე sputnik-ს ესაუბრა.

მამუკა არეშიძე: სირიაში ცეცხლი არ შეწყვეტილა. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. გუშინ საბრძოლო მოქმედებები ხორციელდებოდა ქალაქ ალეპოს გარშემო. მოლაპარაკებების ფორმატს კარგად რომ ჩავხედოთ, გაგვიკვირდება და გაგვეცინება კიდეც. გამოდის, რომ  ყველამ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სამხედრო ოპერაციები ხალიფატის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს. რა გამოდის ეს? შენ რომ აგრძელებ ოპერაციებს, შესაბამისად ისიც ხომ გპასუხობს. ეს არის ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ფორმატი. რაც თავისთავად ასეთი მყიფე ვითარების დროს ნონსენსია. 

- რას ემსახურება ეს შეთანხმება?

— ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ამოესუნთქა მხარეებს. მხარეები, პირველ რიგში რუსეთი და თურქეთი სამხედრო დაპირისპირებისკენ მიდიოდნენ. ყველაფერი ტრიალებს ქალაქ ალეპოს გარშემო. ეს ქალაქი დღეს ლენინგრადად იქცა. თუ ქალაქი ალეპო დაეცა, ეს ნიშნავს, რომ თურქეთი აღმოჩნდება უმძიმეს ვითარებაში და გამორიცხული არაა, რომ ამ ფაქტმა ერდოღანის ხელისუფლება შეიწიროს. თუკი რუსებმა ალეპო ვერ აიღეს, ეს ნიშნავს მათ მარცხს. ასე რომ, ამერიკელებმა, როგორც ყოველთვის, მოახერხეს შუაში ჩაგდომა და მხარეებს ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს. მაგრამ, შეთანხმება ცოტა ხანში დასრულდება და საბრძოლო მდგომარეობა განახლდება. ვითარება არის უაღრესად მძიმე. 

- გამოდის, რომ შეთანხმების დასრულების შემდეგ, რუსეთ-თურქეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ალბათობა ძალიან დიდია.

— შესაძლოა, რომ რუსეთ-თურქეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მაინც შედგეს. ამ შემთხვევაში, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს. თუ ეს იქნება ლოკალური დაპირისპირება, სირიის ტერიტორიაზე, ეს კიდევ არ ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს. მაგრამ, თუ ეს იქნება სხვა ტერიტორიაზე, ეს უკვე ნიშნავს გლობალურ დაპირისპირებას და ეს საქართველოსთვის აბსოლუტურად დამღუპველი იქნება. 

- „ისლამური ხალიფატი“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც რუსეთს ტერაქტების სერიით ემუქრება. რამდენად არის მოსალოდნელი მსგავსი რამ რუსეთში?

— რუსეთში ტერაქტების ინტენსივობა გაიზრდება. ახლაც, ბოლო ერთი თვის მანძილზე ორი სერიოზული ტერაქტი მოხდა. 

- საქართველოში არის თუ არა ტერაქტების საფრთხე?

— საქართველოს ტერიტორიაზე არ ვვარაუდობ, რომ ამ ვითარებაში, ტერაქტების სერია შედგეს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ტერაქტები განხორციელდეს ზოგიერთი ქვეყნის საელჩოების მისამართით. მაგრამ, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი იქნება, თუ დაიწყება ფართომასშტაბიანი კონფლიქტი თურქეთსა და რუსეთს შორის. აქ უკვე ტერაქტებს არავითარი მნიშვნელბა აღარ ექნება. ეს პირდაპირ ნიშნავს, საქართველოს ჩართულობას ამ პროცესში. სულ რომ გაისუსოს საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა, მაინც მოხდება გარკვეულწილად ჩართულობა ამ პროცესებში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ყოველგვარი საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობის დამთავრებას. ასევე იქნება დევნილების ნაკადი, რადგან ყარაბაღის კონლიქტი აუცილებლად განახლდება. ასევე, რომელიმე მხარე აუცილებლად მოინდომებს საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას. ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?!…

ყველა ახალი ამბავი
0