თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ცნობილი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი ეველინა ბლიოდანსი 8 მარტს თბილისში „მზის შვილების“ (ბავშვები დაუნის სინდრომით) დედებთან შეხვედრას გამართავს, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ეველინა ბლიოდანსი და მისი მეუღლე ალექსანდრ სიომინი განვითარების თავისებურებების მქონე ბავშვების მშობლებს უკვე დიდი ხანია ეხმარებიან და ასეთი ბავშვების აღქმის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. ასეთ აქციებში მათი ოთხი წლის ვაჟი სემიონიც მონაწილეობს, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა.
თავისი პირველი კონტრაქტი ექვსი თვის სემიონმა ბავშვის საფენების სარეკლამო რგოლის გადაღებაზე მიიღო. სემიონს თავისი ბლოგი აქვს „ტვიტერზე“. გარდა ამისა, ბლიოდანსმა და სიომინმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც ექიმებს დედებს დაუნის სინდრომის ბავშვებზე უარის თქმის რჩევის მიცემას უკრძალავს.

ბლიოდანსის შეხვედრა ბავშვებთან და დედებთან თბილისში, სასტუმრო Coste-ს საკონფერენციო დარბაზში (კოსტავას ქუჩა) 15:00 საათზე დაიწყება. პროექტის ორგანიზატორია საქართველოში არსებული ტურისტული სააგენტო My City Tbilisi.
„ეველინა ბლიოდანსი რუსეთში და არა მარტო რუსეთში მოგზაურობს, ის ხვდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მათ. თბილისში ასეთი შეხვედრის ჩატარება მისი ინიციატივაა. ასე რომ, სიხარულით ველოდებით მშობლებსა და მათ „მზის შვილებს“ ხვალინდელ შეხვედრაზე“, — განუცხადა Sputnik-ს My City Tbilisi-ის თანამფლობელმა ლიზა კუჭავამ.
შეხვედრა ეველინა ბლიოდანსთან დისკუსიის ფორმატში გაიმართება. დასწრება უფასოა.