თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს მომავალში მოსახლეობას ჰიბრიდული თუთის ნერგებს დაურიგებს უფასოდ, რათა ქვეყანაში მეაბრეშუმეობის განვითარებას შეუწყოს ხელი, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
კომპანია „ასკანელი ძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა უზბეკეთიდან თუთის ახალი ჯიშის 100 ათასი ნერგი შემოიტანეს და ხელისუფლებას უფასოდ გადასცეს.
„უზბეკეთიდან საქართველოში შემოტანილი ნერგები ჰიბრიდულ ჯიშებს განეკუთვნება. ის არ იძლევა ნაყოფს და მხოლოდ აბრეშუმის ჭიის საკვები ბაზის გაფართოების დანიშნულება აქვს. ეს ნერგები დაურიგდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს“, — განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან უჯმაჯურიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდა, ასევე მონაწილეობენ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.