თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქართული მხარე კვლავ არ ეთანხმება „გაზპრომის“ პოზიციას, ჩვენი შეთავაზებაა, შენარჩუნდეს ის ძველი ფორმატი, რომელიც ტრანზიტის საფასურად გაზის 10%-ის მიღებას ითვალისწინებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
„შემიძლია გითხრათ, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული… ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გადავუგზავნეთ ბოლო ჩვენი შეთავაზება… ეს არის, დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ 10% მივიღოთ ნედლეულის სახით“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე.
ენერგეტიკის მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ „გაზპრომს“ სურვილი აქვს, სომხეთისკენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით გატარებული გაზის სანაცვლოდ საქართველოს ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს, ანუ შეცვალოს ამჟამად არსებული საკონტრაქტო პირობა, რომელიც გატარებული გაზის 10%-ის საქართველოსთვის დატოვებას გულისხმობს.