სამცხე–ჯავახეთში საფარის მონასტრისკენ მიმავალ გზას აგებენ

გამოწერა
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რასაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ახალციხიდან საფარის მონასტრამდე მისვლას ათი წუთი დასჭირდება.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალციხე–საფარის მონასტრის დამაკავშირებელი 7.2 კმ სიგრძის გზის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.

სარემონტო სამუშაოები, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სამცხე–ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

„გზა წელს გაიხსნება, ალბათ, აგვისტო–სექტემბერში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გზა არსებობდეს, ვინაიდან აქ ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მოსახლეობა მოძრაობს. ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურის მოწყობაც. კეთდება ხედების დასათვალიერებელი მოედნები და მანქანების გასაჩერებელი ადგილები“, — თქვა კვირიკაშვილმა.

© gov.geგიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერში
გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერში - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერში

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალციხიდან საფარის მონასტრამდე მისვლას ათი წუთი დასჭირდება. გზა 5 მეტრი სიგანის იქნება. სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულია 70 ადამიანი. პროექტის ღირებულება 3,2 მლნ ლარს შეადგენს. 

საფარის სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა დროს აგებული რამდენიმე ნაგებობისგან შედგება. მათ შორის მთავარია წმიდა საბას სახელობის ტაძარი. აქ ასევე განთავსებულია დიდი და პატარა ეკლესიები, სამრეკლოები, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები და სენაკები.

ეს შენობები კლდეზე, სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული. საფარის კომპლექსში უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელიც X საუკუნეშია აგებული.

ყველა ახალი ამბავი
0