თბილისი, 5 მარტი — Sputnik. მიმდინარე წელს აფხაზეთში 1992–93 წლების ომში დაღუპული მებრძოლების კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, განუცხადა ჟურნალისტებს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
თბილისში, წმიდა სამების სახელობის ტაძარში დღეს, 5 მარტს ათი ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა, რომლებიც 1993 წლის სექტემბერში დაიღუპნენ ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად. მათი ნეშტების თბილისში გადმოსვენება მხოლოდ 22 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„უახლოეს მომავალში ველოდებით კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც კიდევ 20-მდე ნეშტს ჩაუტარდება სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა. სავარაუდოდ წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება უნდა მოხერხდეს“, — განაცხადა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ეთერში.
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, საძმო საფლავიდან ამ ადამიანების ნეშტების ექსჰუმაცია 2014 წლის გაზაფხულზე მოხდა. აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლებელი გახდა მათი გადმოსვენება და იდენტიფიცირება.