საქართველო მონაწილეობს მსოფლიო საქველმოქმედო მარათონში WINGS FOR LIFE WORLD RUN

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმარათონი
მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო საქველმოქმედო გარბენში გამარჯვებული 2017 წელს WINGS FOR LIFE WORLD RUN მარათონში პლანეტის ნებისმიერ წერტილში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველო უკვე მესამედ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო საქველმოქმედო მარათონში WINGS FOR LIFE WORLD RUN, მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო,  იუწყებიან ორგანიზატორები.

მასშტაბური გარბენი 8 მაისს გაიმართება კახეთში. სასტარტო პუნქტი ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზეა. დასაწყისი 15:00 საათზე. მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ მარათონის ოფიციალურ საიტზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვილი თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება. გასულ წელს საქართველოში 100 ათასი ლარი შეგროვდა.

WINGS FOR LIFE WORLD RUN 2016–ზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 2016 წლის 4 მაისის 12:00 საათია.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის პირებსაც. მარათონის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 5 ათასი ადამიანია.

მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა.

არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა“, რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გავა და 15–25 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.

მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა“ დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.

ყოველ მეხუთე კილომეტრზე განთავსებული იქნება წყლის, ენერგეტიკული სასმელებისა და ხილის პუნქტები. სტარტსა და მარათონის მთელ მარშრუტზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები. თუ მონაწილეს რაიმე სახის დაავადება ან ალერგია აქვს, წინასწარ უნდა აცნობოს მარათონის ორგანიზატორებს.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული — ქალი და მამაკაცი — ისინი, ვისაც სულ ბოლოს წამოეწევა „საფინიშო მანქანა“. სწორედ მათ მიეცემათ WINGS FOR LIFE WORLD RUN 2017–ში მონაწილეობის უფლება პლანეტის ნებისმიერ წერტილში.

მარათონის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სასაჩუქრე ნაკრები. მარათონის დღეს ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები და კონცერტები.

ყველა ახალი ამბავი
0