რუსეთი საქართველოსთვის სავაჭრო ემბარგოს გაუქმების შემდეგ თანდათან ცდილობს საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა სიაში ადგილი კვლავინდებურად აღიდგინოს. გასული წლის მონაცემებით, ამ კუთხით რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა და პირველობა მხოლოდ თურქეთს დაუთმო.
2013 წელს სავაჭრო ემბარგოს გაუქმების შემდეგ რუსეთში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს საქართველოს საგარეო–სავაჭრო ბრუნვამ რუსეთთან 788,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი საგარეო–სავაჭრო ბრუნვის 7,9%-ია. ამავე დროს ექსპორტის მოცულობა საქართველოდან რუსეთში გასულ წელს, 2014 წელთან შედარებით, 41%-ით შემცირდა. რუბლის მკვეთრმა დევალვაციამ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით ნეგატიური როლი ითამაშა და ეს, პირველ რიგში, ღვინოს შეეხო.