სოსო ცინცაძე: როდესაც პრემიერი რადიკალური ზომებით იმუქრება ამ კონფლიქტის გამო, ეს მუქარა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება, ვინაიდან პრემიერს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის დასჯის ბერკეტი არ გააჩნია. კონსტიტუციით მისი პრეროგატივა მკაცრად არის განსაზღვრული კაბინეტში. ანუ, პრაქტიკულად, პრემიერს განცხადებაში შეეძლო ხიდაშელის გვარიც კი დაესახელებინა. ეს ყველაფერი ძალიან შორსმიმავალი შედეგების მომტანია.
– რამ გამოიწვია პრემიერის გაღიზიანება?
— ეტყობა ივანიშვილსაც ყელში ამოუვიდა ეს დაუსრულებელი კინკლაობა. ამიტომ, გამოდის, რომ ერთადერთი დამნაშავე მთელ ამ ისტორიაში თინა ხიდაშელია, რომელმაც აამღვრია წყალი. ხიდაშელის ზომაგადასული აქტიურობა მიუღებელი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის უკანასკნელი წვეთი გახლდათ ხიდაშელის ვრცელი ინტერვიუ „რუსთავი 2“-ზე. თავად ფაქტი, რომ ხიდაშელი მიდის „რუსთავი 2“-ში, უჯდება გაბუნიას და გაბუნია თვალებში შესციცინებს მას, ივანიშვილისთვის და პრემიერისთვის მიუღებელია.
– აქვს თუ არა შანსი ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან დანაკარგის გარეშე გამოვიდეს?
— ვერ ვხედავ გამოსავალს დანაკარგების გარეშე. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც „ოცნება“ მიიღებს, წამგებიანი იქნება. ეს ვითარება გახლავთ ჯანყი ხომალდზე, როდესაც ოკეანეში 9-ბალიანი შტორმია. კარზეა მომდგარი არჩევნები და ეს ყველაფერი ვითარებას ართულებს. არჩევნებამდე რომ ორი წელი იყოს დარჩენილი მოვლენები გაცილებით მარტივად ჩაივლიდა.
– შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ჩიხში მოექცა?
— ჩიხში არ არის შესული, მაგრამ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. „ოცნების“ გარანტი ამ შემთხვევაში გახლავთ სუსტი ოპოზიცია. ჩვენ რომ გვყავდეს ძლიერი ოპოზიცია, ეს იქნებოდა კატასტროფა „ოცნებისთვის“. მაგრამ ახლა ასე არ არის. ხელისუფლება ყველაფრის მიუხედავად მოიგებს არჩევნებს და სულ არ სჭირდება ღამეების თენება, რომ გამოსავალი და კრეატიული გადაწყვეტილებები ეძებოს. ხელისუფლება ხედავს, რომ საქმე აქვს ამბიციებს გადაყოლილ სულელებთან. „ოცნება“ კარგავს გავლენას, პოპულარობას, მაგრამ არჩევნების მოგების დიდი შანსი მაინც აქვს, რადგან სხვა არავინ ჩანს, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს. ასე იყო 2012-შიც. რომ არ გამოჩენილიყო ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილი კვლავ მშვიდად მოიგებდა არჩევნებს. ახლა კი ახალი ივანიშვილი არ ჩანს.